ვახუშტი ბატონიშვილი
ვიკიპედიიდან
ვახუშტი ბატონიშვილი (ბაგრატიონი), (* 1696, თბილისი ― † 1757, მოსკოვი), ქართველი გეოგრაფი, ისტორიკოსი და კარტოგრაფი.
ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის შვილი. ფრანგი მოგზაურის შარლ პეისონელის (* 1700 ― † 1757) ცნობით, მისი დედა ყმა გლეხის ქალი ყოფილა. ვახუშტი ბატონიშვილის აღზრდა-განათლებას მეურვეობდნენ ძმები იესე და გიორგი გარსევანიშვილები და თბილისში მცხოვრები ფრანგი კათოლიკე მისიონერები.
ვახუშტი ბატონიშვილმა ქართულის გარდა იცოდა ბერძნული, ლათინური, ფრანგული, თურქული, რუსული და სომხური ენები. 1717 წელს ვახუშტი ბატონიშვილი დაქორწინდა მარიამ გიორგის ასულ აბაშიძეზე. ვახუშტი ბატონიშვილი აქტიურად მონაწილეობდა ქართლის სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ორჯერ მიიღო მონაწილეობა ქსნის ერისთავთა წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში. 1722, ვახტანგ VI-ის განჯაში ყოფნის დროს, ქართლის სამეფოს გამგებლად იყო დატოვებული. 1724 ვახტანგ VI-ს გაჰყვა რუსეთში, მოსკოვში დაბინავდა და სახელმწიფო ჯამაგირი დაენიშნა. აქვე დაამთავრა (1745) თავისი თხზულება "აღწერა სამეფოსა საქართველოსა", რომელიც საქართველოს გაბმული ისტორიაა უძველესი დროიდან("დასაბამიდან", "ქვეყნის შექმნიდან") XVIII საუკუნის პირველ ნახევრამდე.
ავტორი საქართველოს პრობლემებს უკავშირებს მსოფლიო ისტორიას. ნაშრომში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საქართველოს პოლიტიკურ და ეთნიკური ერთიანობის იდეას. საქართველოს დაშლის მიზეზს ვახუშტი ბატონიშვილი სამართლიანად ხედავდა XIII-XIV საუკუნეების მოვლენებში.
ვახუშტი ბატონიშვილი ისტორიულ ამბებს მატიანისებური სტილით გადმოგვცემს, ძირითადად ჩერდება პოლიტიკური მოვლენების აღწერაზე, ცდილობს ეს მოვლენები ახსნას მიზეზ-შედეგობრივი კავშირის გზით. პოლიტიკური ისტორიისათვის ვახუშტი ბატონიშვილი იყენებს ისტორიულ ქრონოლოგიას, რომელიც მან მეცნიერებად აქცია. ვახუშტი ბატონიშვილს მოცემული აქვს აგრეთვე საქართველოს ისტორიის პერიოდიზაციის ცდა. მისი აზრით, საქართველოს ისტორია 2 ნაწილისაგან შედგება: 1. ძველი ისტორია 1469-მდე. 2. ისტორია "შემდგომად განყოფისა" ე.ი. სამეფოს დაშლიდან - 1469 ვახუშტი ბატონიშვილის დრომდე.
ვახუშტი ბატონიშვილის ისტორიის პირველი პერიოდის წყარო "ქართლის ცხოვრებაა", მეორე ნაწილი კი ძირითადად ორიგინალურია. ვახუშტი ბატონიშვილი თავის ნაშრომში გაკვრით ეხება ქართული ენის ზოგიერთი დიალექტის გავრცელების ფარგლებს.
მისი კვლევა-ძიების ერთ-ერთ მთავარ და არსებით ნაწილს წარმოადგენს გეოგრაფია. მან მოგვცა საქართველოს ისტორიული ტერიტორიის პირველი საფუძვლიანი და დეტალური გეოგრაფიული აღწერილობა, იმავე მხარის გეოგრაფიული ატლასები. "საქართველოს გეოგრაფიული აღწერა" ვახუშტი ბატონიშვილის მთავარი შრომის გეოგრაფიული თავების ერთობლიობის პირობითი სახელწოდებაა, წარმოადგენს თავისი ეპოქის მეცნიერულ დონეზე დაწერილ ნაწარმოებს. მასში განხილულია ხუთი პოლიტიკურ-ეთნოგრაფიული ერთეულის (ქართლისა და კახეთის სამეფოების, სამცხე-საათაბაგოს ანუ ახალციხის საფაშო, დასავლეთ საქართველოს და კავკასიონის მაღალმთიანი ჩრდილოეთ კალთის) ბუნებისა და მოსახლეობის თავისებურებანი. აღწერილობა მეთოდურად გამართულია და შეიცავს იმდროინდელი პირობების მიხედვით პროგრამულ ელემენტებს, ბუნებრივი პირობებისა და სოფლის მეურნეობის სიმაღლებრივი სარტყლების დახასიათებას, რელიეფის ფორმათა მორფომეტრიული შეფასების ცდას და ა. შ.
ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილი 2 გეოგრაფიული ატლასი (5-რუკიანი, 1735 და 19-რუკიანი, 1745) წარმოადგენს კავკასიის ერთი ნაწილის პირველ დეტალურ, საკმაოდ მსხვილმასშტაბიან და თავისი დროისათვის ზუსტ კარტოგრაფიულ გამოსახულებას. ვახუშტი ბატონიშვილის რუკებს ავტორის სიცოცხლეშივე მაღალი შეფასება მისცეს ევროპელმა კარტოგრაფებმა, ისინი ითარგმნა ფრანგულ და რუსულ ენებზე, გამოიყენეს XVIII საუკუნეში შედგენილი მთელი რიგი ევროპის რუკებისათვის. XIX საუკუნის შუა წლებამდე ვახუშტი ბატონიშვილის კარტოგრაფიული ნაწარმოებების საფუძველზე ეცნობოდნენ კავკასიის გეოგრაფიას. 1752 ვახუშტი ბატონიშვილმა რუსულიდან ქართულად თარგმნა "მოკლეპოლიტიკური გეოგრაფია" 27-რუკიან მსოფლიო ატლასთან ერთად, რომელშიც გამოსახულია იმ დროს ცნობილი ყველა ქვეყანა, ამ სახელმძღვანელოთი ასწავლიდნენ გეოგრაფიას თელავისსემინარიაში. ვახუშტი ბატონიშვილის გეოგრაფიული თხზულება და რუკები მნიშვნელოვანი წვლილია მსოფლიო გეოგრაფიულ მეცნიერებაში.
ვახუშტი ბატონიშვილი ამავე დროს სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებათა დიდი მცოდნეც იყო. ზუსტად ჰქონდა შესწავლილი საქართველოს ბუნებრივ-კლიმატური, ნიადაგურ-რელიეფური და სხვა სამეურნეო-ეკონომიკური თავისებურებანი. მის თხზულებებში საქართველო სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით დაყოფილია 5 ბოტანიკურ-აგრონომიულ ზონად. ამ დაყოფას იგი საფუძვლად უდებდა ნიადაგების ნაყოფიერებასა და მოსავლიანობას.
ვახუშტი ბატონიშვილის სახელი ეწოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტს, მწვერვალს სვანეთის კავკასიონზე და კარსტულ მღვიმეს ბერჭილის ქედზე. დაკრძალულია მოსკოვის დონის მონასტერში.