ზუგდიდი
ვიკიპედიიდან
ზუგდიდი — ქალაქი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის და ზუგდიდის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. გაშენებულია ოდიშის დაბლობზე, მდინარე ჩხოუშის ნაპირას, ზღვის დონიდან 110 მ სიმაღლეზე. ქალაქად გამოცხადდა 1918 წელს. მოსახლეობა 69 ათასი (2002 წ.).
ვარაუდობენ, რომ სახელწოდება წარმოიშვა ზურგ - დიდიდან (ე.ი. დიდი გორიდან). წყაროებში პირველად მოიხსენიება XVII საუკუნის დასაწყისში. ზუგდიდი ოდიშის სამთავროს პოლიტიკური, ადმინისტრაციული და კულტურული ცენტრი იყო. 1855-1857 წლებში ზუგდიდი ოსმალებმა დაიკავეს. შემდეგ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა.
ქალაქზე გადის რკინიგზა, შავიზღვისპირა და რესპუბლიკური მნიშვნელობის (ზუგდიდი-მესტია) გზები. ზუგდიდში არის მნიშვნელოვანი სამრეწველო საწარმოები (ცელულოზა-ქაღალდის კომბინატი, ფაიფური ქარხანა, ჩაის ფაბრიკა), ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები (ზუგდიდის დრამატული თეატრი, სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი). ხუროთმოძღვრების ძეგლთაგან შემორჩენილია სამეგრელოს მთავრების დადიანების სასაახლე, ეკლესია და სხვა ნაგებობები (XIX ს.). საყურადღებოა ბოტანიკური ბაღი იშვიათი მცენარეულობით, აგრეთვე ქალაქის ცენტრალური ხეივანი.