იოსებ სამებელი
ვიკიპედიიდან
იოსებ სამებელი (* 1676 ― † სექტემბერი, 1750), ქართველი სასულიერო მოღვაწე, მესტამბე. წარმოშობით ქვაბულიძეების საგვარეულოდან.
თავდაპირველად შიომღვიმის მონასტერში იყო წინამძღვრად, 1696-იდან ჯერ სამების, ხოლო შემდეგ წილკნის ეპისკოპოსად. ვახტანგ VI-ის რუსეთში წასვლის შემდეგ ისიც რუსეთს გაემგზავრა. ქართველმა ემიგრანტებმა იოსებ სამებელი ვორონეჟის მონასტერში მოაწყვეს. 1733 პეტერბურგში გადავიდა. 1734-იდან ნოვგოროდის მიტროპოლიტის თანაშემწე და იურის მონასტრის წინამძღოლი იყო. რუსეთში ცხოვრების პერიოდში იოსებ სამებელმა ხელი მოჰკიდა საგამომცემლო საქმეს. მონაწილეობდა წიგნების გადაწერაში. ქ. გურამიშვილთან ერთად პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის სტამბაში ჩამოასხა ქართული შრიფტი და იქვე დაბეჭდა "რუსულ-ქართული ანბანი". 1737 ბაქართან ერთად დააარსა სტამბა და დაიწყო ქართული წიგნების ბეჭდვა-გამოცემა, მაგრამ 1743 წელს ბიბლიის უნებართვოდ დაბეჭდვის გამო სტამბა დახურეს. 1750 ყიზლარში მიმავალი იოსებ სამებელი გზაში გარდაიცვალა.