კანონიერი ქურდი
ვიკიპედიიდან
კანონიერი ქურდი - საბჭოთა კავშირში ჩამოყალიბებული კრიმინალური ტრადციით განსაზღვრული გარკვეული მაღალი სტატუსის მქონე პირი საბჭოთა კავშირის კრიმინალურ სამშაროში. დღესდღეობით კანონიერი ქურდები, მნიშვნელოვნად შეცვლილი სახით, გვხვდება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც.
[რედაქტირება] აღწერა
კანონიერი ქურდი იბადება კრიმინალურ სამყაროს წიაღში და მუდმივად მჭიდროდ არის დაკავშირებული მასთან. არის კრიმინალური საქმიანობის ორგანიზატორი, მაგრამ ამავდროულად არის ”სამოქალაქო” ფუნქციების მატარებელიც. პირის ქურდად აღიარება ხდება სხვა ქურდების (რამოდენიმეს) მიერ კრებაზე, ე.წ. ”სხადნიაკზე”. ამისათვის ეს პირი უნდა აკმაყოფილებდეს მთელ რიგ პირობებს. ზოგიერთი მათგანი ძალიან საგულისხმოა.
მაგალითად:
- არ უნდა ემორჩილებოდეს ხელისუფლებას (”ვლასტებს”), მით უმეტეს არ უნდა თანამშრომლობდეს მასთან.
- შედეგები ადვილი წარმოსადგენია; მაგალითად: არ უნდა დაემორჩილოს შუქნიშანს, არ უნდა ჰქონდეს არანაირი საბუთი, მათ შორის პირადობის დამადასტურებელი და ა.შ.
- არ უნდა მუშაობდეს.
- არსებობის წყაროდ ხალხის პატივისცემა სახელდება.
- უნდა ეხმარებოდეს ხალხს.
- აქ სიტყვა ”ხალხის”-ის გაგება უაღრესად თავისებურია
- არ უნდა ქონოდა მიდრეკილება ძალადობისაკენ(ყაჩაღობა, ხულიგნობა და ა.შ.).
- არ უნდა ქონოდა მიდრეკილება ნარკოტიკებისაკენ.
- სხვა პირობები.
”კანონიერი ქურდები” საკუთარ თავს ”ადამიანებად” მოიხსენიებდა, ამ სიტყვის ყველაზე უფრო ჰუმანისტური გაგებით.
ამ აღწერილობამ მცდარი შთაბეჭდილება არ უნდა შექმნას ”არსენა ოძელაძვილობაზე”, რაც საკმაოდ გავრცელებული იყო იმ პერიოდში. ესენი კრიმინალები იყვნენ მიზანტროპული მსოფლმხედველობით, მერკანტილური მიდრეკილებებით, პრიმიტიული სისასტიკით და ამ წრისათვის დამახასიათებელი ყველა თვისებებით.
[რედაქტირება] ”კანონიერი ქურდი” მოქმედებაში
”კანონიერი ქურდების” ინსტიტუტს მასშტაბები, თავისი განვითარების პიკზე, საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. 15-16 წლის ასაკიდან დაწყებული, თითქმის ყველა თაობა რაიმე გამწვავებული კონფლიქტის შემთხვევაში სიმართლის, მტყუან-მართალის გასარკვევად ”ქურდს” მიმართავდნენ. მათ მიერ გამოტანილი განაჩენი კასაციას არ ექვემდებარებოდა. თუ სხვა ”ქურდების” მიერ განაჩენი მაინც შეიცვლებოდა, მაშინ პირველი ინსტანციის ”ქურდი” დისკრედიტირებული ანუ ”გაფუჭებული” ხდებოდა. ”გაფუჭებული” ”ქურდის” როდესმე რეაბილიტაცია გამორიცხული იყო. ”ქურდულ სამართალს” განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ჩრდილოვან ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებში.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ ინსტიტუტით, კონტროლის თვალსაზრისით, აქტიურად სარგებლობდნენ ქვეყნის ოპერატიული სამსახურები, განსაკუთრებით КГБ.
ციხეებსა და ბანაკებში ”ქურდები” პატიმრებისთვის აწესებდნენ სპეციალურ გადასახადებს. იკრიბებოდა ე.წ. ”ოფშიაკის ფული”, რომელიც ზედამხედველების მოსასყიდად გამოიყენებოდა. ეს ფული ასევე საჭმლის, სხვა პირველადი მოხმარების საგნების და ფუფუნების საგნების(იმ წრის გაგებით: არაყი, პროსტიტუტკები, ბოლო პერიოდში ნარკოტიკი და სხვა) შესაძენად გამოიყენებოდა. სხვა სიტყვებით, გამოიყენებოდა პატიმართა ელიტარული ფენის და საპატიმროების ხელმძღვანელობის კეთილდღეობისათვის.
”კანონიერი ქურდები” ასევე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ სამართალდამცველ სტრუქტურებშიც.
[რედაქტირება] ისტორია
ფენომენი წარმოიშვა და განვითარდა ყოფილ საბჭოთა კავშირში, მისი შექმნის ადრეულ ეტაპზე. თავდაპირველად იგი ჩამოყალიბდა ე.წ. გულაგის არქიპელაგზე, საბჭოთა კავშირის საკონცენტრაციო ბანაკებში. მისი ჩამოყალიბების საფუძველი საზოგადოების ერთერთი ფუნდამენტური თვისება, თვითორგანიზების თვისება გახდა. როგორც ცნობილია ხსენებულ ბანაკებში სუფევდა აბსოლუტურად არასამართლებრივი გარემო, სრული განუკითხაობა. იქ თვითგადარჩენის ძირითადი პირობა ძალადობა, სხვისი მორალური და ფიზიკური განადგურება გახლდათ. შედეგად, სამართლებრივი რეგულირების უმწვავესი მოთხოვნილების ფონზე ჩამოყალიბდა ”კანონიერი ქურდი”-ს ფენომენი.
შემდგომში, რადგან არც ბანაკებს გარეთ დარჩენილი საზოგადოების სამართლებრივი გარემო გამოიჩეოდა დიდი სრულყოფილებით, დაფუძნებული იყო რეპრესიული ტიპის მმართველობაზე, სასამართლო და სამართალდამცავი სისტემა ორიენტირებული იყო არსებული რეჟიმის შენარჩუნებზე, ხოლო მოქალაქეთა პრობლემები ბედის ანაბარა იყო დატოვებული, მოხდა ”კანონიერი ქურდი”-ს ინსტიტუტის გავრცელება ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე.
ტერიტორიები, რომლებიც დასახლებული იყო მაღალი კულტურის ერებით, ანუ თვითორგანიზების თვისება უფრო მკვეთრად იყო გამოკვეთილი, ”კანონიერი ქურდი”-ების კონცენტრაცია უფრო მაღალი იყო. მაგალითად საქართველოს თითქმის ყველა ქალაქის თითქმის ყველა უბანს, თითქმის ყველა სოფელს თავისი ”კანონიერი ქურდი” ყავდა.
”კანონიერი ქურდების” ინსტიტუტი, როგორც თავდაპირველი იდეის მატარებელი, მუდმივად ვითარდებოდა და მწვერვალს გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში მიაღწია. ამ დროისათვის მან საზოგადოების თითქმის ყველა ფენაში შეაღწია (სხვადასხვა ფორმით, რაღა თქმა უნდა). შემდეგ დაიწყო მისი ტრანსფორმირება ბანალურ კრიმინალური ჯგუფის მეთაურად.