კომედია
ვიკიპედიიდან
კომედია (ბერძ. komedia < komos - მხიარული ბრბო და ode - სიმღერა), დრამის ერთ-ერთი სახე, სადაც კოლიზია და ხასიათები გამსჭვალულია კომიზმით.
[რედაქტირება] მახასიათებლები
კომედიის ჟანრული თავისებურებაა მძლავრი სოციალური ჯღერადობა, სოციალურ-პოლიტიკური ტენდენციურობა. იუმორისა და სატირის საშუალებით კომედიაში მხილებულია ცხოვრებისეული მანკიერებანიდა სიმახინჯე (ოღონდ ისეთი, რომელსაც თან არ ახლავს ტანჯვა და უბედურება). მანკიერება აქ სიცილის დონეზეა. სიცილი კომედიაში გამარჯვებული გმირის როლში გამოდის, რომელიც ათავისუფლებს მკითხველს წარმოდგენილი მანკიერებისაგან და ამეფებს ჯანსაღ ცხოვრებისეულ საწყისებს.
განასხვავებენ კომედიის ორ სახეს: სიტუაციებისა და ხასიათების კომედიას. სიტუაციების კომედიაში კომიკურია შექმნილი მდგომარეობა, სასაცილოდ დაძაბულია ინტრიგა. ხასიათების კომედაში კომიზმს საფუძვლად უდევს არაჰარმონიული ხასიათები, მათი უცვლელი ცალმხრივობა, ხასიათი ერთი რომელიმე თვსების ჰიპერტროფია. ხასიათების კომედია კომედიის უფრო მაღალი ფორმაა, რადგან აქ ყოველთვის დიდ ადგილი ეთმობა ფსიქოლოგიას და მოითხოვს უფრო განათლებულ მაყურებელსა და მკითხველს.
[რედაქტირება] ისტორია
განვითარების მთელი ისტორიის მანძილზე კომედიის ჟანრული მოდიფიკაცია წარიმართა ორი გზით: უხეში იუმორიდან და უწმაწური ხუმრობიდან ნატიფი ფსიქოლოგიური იუმორისა და ინტელექტუალური ირონიისაკენ; წმინდა სახის კომიზმიდან კომიკურისა და დრამატულის აღრევისაკენ, ცრემლნარევი სიცილისაკენ.
კომედია, როგორც დრამატული ჟანრი ლიტერატურად გაფორმდა ძველ საბერძნეთში. მისი წარმოშობის სათავეები დაკავშირებულია ღვინისა და მხიარულების ღმერთის დიონისეს პატივსაცემად გამართულ დღესასწაულთან, კერძოდ კი დრესასწაულის იმ ნაწილთან, როდესაც წარმოდგენილი იყო დიონისეს აღდგომა და მას მოჰყვებოდა მხიარული სიმღერები, ცეკვები, კარნავალური სვლა, სრულდებოდა მცირე ჟანრის კომიკური სცენები და სასაცილო უწმაწურობაც ახლდა თან.
შუა საუკუნეების დასასრულს ევროპულ ლიტერატურაში ჩნდება კომიკური პიესები, რომლებსაც ფარსი ეწოდა. რენესანსის ეპოქის კომედია უფრო რომანტიკული დრამის ხასიათს ატარებს. კლასიციზმის ეპოქისთვის დამახასიათებელია ე.წ. "სერიოზული", "მაღალი" კომედია (მოლიერი).
XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისის კომედია ისევ ხასიათდება სოციალურობით, მაგრამ კომედიის კოლიზია უკვე მთლიანად არ არის გამსჭვალული კომიზმით, კომიკური ზოგჯერ ძნელად ამოსაკითხია. ამავე ხანებში ჩნდება ტრაგიკომედია, სადაც სხვადასხა მანკიერებითა და ნაკლით გამოწვეულ სიცილს მოყვება მწარე ცრემლიც, რომელსაც იწვევს ადამიანისა და მისი ცხოვრების მოუწყობლობის შეგნების განცდა.
საქართველოში კომედია ჩნდება XIX საუკუნის შუა ხანებში. მისი ფუძემდებელია გ. ერისთავი.