მანგლისი
ვიკიპედიიდან
მანგლისი - დაბა თეთრი წყაროს რაიონში. მდებარეობს თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ალგეთის მარცხენა ნაპირზე, თბილისი-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე, ქალაქ თბილისიდან 56 კმ-ზე. მანგლისი სამთო-კლიმატური კურორტია (სიმაღლე 1200 მ). დაბის სტატუსი მიენიჭა 1926 წელს. მოსახლეობა 2,8 ათასი (2002). ადრინდელ ანტიკურ ხანაში მის ადგილზე მნიშვნელოვანი დასახლება იყო. დაბის დაწინაურებას შემდგომ ხანებში ხელი შეუწყო აქ გამავალმა გზამ, რომელიც შიდა ქართლს სამხრეთ საქართველოსთან, სომხეთთან და ბიზანტიასთან აკავშირებდა. V ს-დან მანგლისი საეპისკოპოსოს ცენტრია, შემდგომში ყალიბდება ადმინისტრაციული ერთეული - მანგლისის ხევი. X ს-ში კლდეკარის ერისთავთა ხელშია, XI ს-ის ბოლოდან ემორჩილება სამეფო ხელისუფლებას. გვიანფეოდალურ ხანაში გამუდმებული ომების შედეგად მანგლისი გაუკაცრიელდა. XIX ს-ში აქ იდგა რუსეთის არმიის ერთ-ერთი პოლკი. ამ ხანებში გადამდგარი სამხედრო მოსამსახურეები ქმნიან ახალ დასახლებას. მანგლისი განაპირას მდებარეობს ქართული ისტორიისა და არქიტექტურის მნიშვნელოვანი ძეგლი მანგლისის სიონი.ძველად მანგლისში ამზადებდნენ ნამგლებს,ამიტომაც მას თავიდან ნამგლისი ეწოდებოდა,დროთა განმავლობაში კი მანგლისი დაერქვა