მიზესი, ლუდვიგ ფონ
ვიკიპედიიდან
ლუდვიგ ჰაინრიხ ედლერ ფონ მიზესი (* 29 სექტემბერი, 1881, ლემბერგი ― † 10 ოქტომბერი, 1973, ნიუ-იორკი) – ავსტრიელი ეკონომისტი და ლიბერალი. მას "ავსტრიული სკოლის შეუცვლელ ხელმძღვანელად" მოიხსენიებენ.
[რედაქტირება] ოჯახი
ლუდვიგ ფონ მიზესი დაიბადა ქ. ლემბერგში, რომელიც მაშინ ავსტრია–უნგრეთის იმპერიაში შედიოდა. დღეს ეს ქალაქი ლვოვია (უკრაინა). ლუდვიგის მამა მშენებელი ინჟინერი იყო. ლუდვიგს ჰყავდა უმცროსი ძმა, რიჩარდი, რომელიც შემდგომში საკმაოდ ცნობილი ფიზიკოსი გახდა. ძმები ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ, როცა ოჯახი ვენაში, საგვარეულო სახლში დაბრუნდა. 1903 წელს მიზესის მამა გარდაიცვალა.
მიზესი გარდაიცვალა ამერიკაში, 92 წლის ასაკში, ნიუ-იორკის წმინდა ვინსენტის ჰოსპიტალში.
[რედაქტირება] პროფესიული წინსვლა
1900 წლიდან ლუდვიგი სწავლობს ვენის უნივერსიტეტში. აქ მასზე დიდი გავლენა იქონია კარლ მენგერის ნაშრომებმა. იგი ესწრება ცნობილი ავსტრიელი ეკონომისტის, ბომ-ბავერკის ლექციებს. 1906 წელს ლუდვიგი იცავს სადოქტორო დისერტაციას. 1913–1934 წლებში იგი ასწავლის ვენის უნივერსიტეტში და ამავე დროს ავსტრიის მთავრობის ეკონომიკური მრჩეველია.
1934 წელს, ებრაული წარმოშობის გამო მისი დევნის შიშით მიზესი გადადის ჟენევაში (შვეიცარია), საერთაშორსო კვლევების უმაღლეს სასწავლებელში პროფესორად. 1940 წელს კი - ნიუ-იორკში, სადაც 1965 წლამდე ვიზიტიორი პროფესორია ნიუ-იორკის უნივერსიტეტში.
[რედაქტირება] წვლილი ეკონომიკაში
მიზესი მიიჩნევა ეკონომიკის ავსტრიული სკოლის ერთ-ერთ ლიდერად და კლასიკური ლიბერალიზმის წარმომადგენლად. თავისი ნაშრომით "ადამიანთა ქცევა" მიზესმა საფუძველი ჩაუყარა პრაქსეოლოგიას. ძირითადად იგი ორ ურთიერთდაკავშირებულ თემაზე მუშაობდა:
- 1. მონეტარული ეკონომიკა და ინფლაცია;
- 2. განსხვავება მთავრობის მიერ კონტროლირებად ეკონომიკასა და თავისუფალ ბაზარს შორის.
მიზესი მიიჩნევდა, რომ სოციალიზმი განწირულია ეკონომიკური მარცხისათვის. ამას იგი იმით ასაბუთებდა, რომ თავისუფალი ბაზრის გარეშე არ არსებობს ფუნქციონალური ფასწარმოქმნის სისტემა. ამ უკანასკნელის გარეშე კი შეუძლებელია მოთხოვნის დადგენა და შესაბამისად რესურსების რაციონალური გადანაწილება. ეს არგუმენტები შემდგომ ჰაიეკმა განავრცო.