სოლომონ II
ვიკიპედიიდან
სოლომონ II (* 1772 ― † 7 თებერვალი. 1815, ტრაპიზონი), იმერეთის მეფე 1789-1810, სოლომონ I-ის ძმის, არჩილის, ძე. იზრდებოდა ქართლ-კახეთში დედასთან, ერეკლე II-ის ასულ ელენესთან. უმემკვიდრო სოლომონ I-მა სიცოცხლეშივე ტახტი ძმისწულს, დავითს, უანდერძა, მაგრამ იმერეთის გავლენიანმა ფეოდალებმა სოლომონ I-ის გარდაცვალების შემდეგ მცირეწლოვანი დავითის ნაცვლად დავით გიორგის ძე (დავით II) გაამეფეს. ახალი მეფის თვითმპყრობელური პოლიტიკით უკმაყოფილო თავადების, ერეკლე II-ისა და ოდიშის მთავარ გრიგოლ დადიანის დახმარებით მათხოჯის ბრძოლაში (1789) დავით არჩილის ძემ გაიმარჯვა და გამეფდა სოლომონ II-ის სახელით (სოლომონ I-ის პატივისაცემად). ხელისუფლებისათვის ბრძოლის პერიოდში ქვეყანაში ფეოდალური ანარქია სუფევდა, სოლომონ II-ის პოზიცია მტკიცე არ იყო. დავით II ტახტისათვის ბრძოლას განაგრძობდა. სოლომონ II დასავლეთ საქართველოს გაერთიანებას ცდილობდა; მან პირველ რიგში ოდიშის დამორჩილება სცადა, მაგრამ მიუხედავად მცირე წარმატებისა, მიზანს ვერ მიაღწია. რუსეთის მთავრობა ამ წინააღმდგეგობას თავის სასარგებლოდ იყენებდა. 1804 წლის 25 აპრილს სოლომონ II-მ რუსეთის ქვეშევრდომობა აღიარა, მაგრამ ტახტის დაკარგვას ვერ ურიგებდებოდა და მის შესანარჩინებლად იბრძოდა. 1810 წლის 20 თებერვალს რუსეთის სარდლობამ ქუთაისში სოლომონ II ტახტიდან ჩამოაგდო და იმერეთში რუსეთის მმართველობის შემოღება გამოაცხადა. სოლომონ II მოტყუებით ჩაიგდეს ხელში და თბილისში ჩაიყვანეს, მაგრამ იგი თბილისიდან გაიქცა და ახალციხის საფაშოს შეაფარა თავი. 1810 სოლომონ II იმერეთში დაბრუნდა და მოსახლეობას აჯანყებისაკენ მოუწოდა. შეიარაღებულ ბრძოლაში სოლომონ II დამარცხდა და თავი კვლავ ახალციხეს შეაფარა, საიდანაც ოსმალეთში გადავიდა. ემიგრაციაში იგი ცდილობდა უცხო ძალის გამოყენებით (ოსმალეთი, ირანი, საფრანგეთი) იმერეთში მეფობის აღდგენას, მაგრამ უშედეგოდ. დასაფლავებულია ტრაპიზონში წმინდა გიორგის სახელობის ბერძნების ეკლესიის გალავანში.