ქურხული, ილიკო
ვიკიპედიიდან
ქურხული, ილიკო (ილია) პეტრეს ძე (25 მარტი, 7 აპრილი, 1885, თბილისი ― † 24 სექტემბერი, 1954, იქვე) ქართველი მოხეტიალე მუსიკოსი (მევიოლინე, მესტვირე, მომღერალი). 1904-1906 სწავლობდა მოსკოვის კონსერვატორიაში ვიოლინოს სპეციალობით (ხელმძღვანელი ბ. სიბორი). აქედანვე დაიწყო მისი, როგორც მოხეტიალე მუსიკოსის მოღვაწეობა. თავდაპირველად ასრულებდა კლასიკური სავიოლინო ლიტერატურულ ნიმუშებს (პატარა პიესებს), შემდეგ რეპერტუარში შეიტანა ქართული ხალხური მელოდიები. შემოიარა რუსეთისა და უკრაინის მრავალი ქალაქი, აგრეთვე ბელორუსია, ბალტიისპირეთი, პოლონეთი, ფინეთი. 1913 წელს დაბრუნდა საქართველოში; ფეხით შემოიარა მთელი საქართველო, გამოდიოდა ეზოებში, კლუბებში, სკოლებში. 1921-1927 იმოგზაურა თურქეთსა და ბალკანეტის ქვეყნებში, სოფიაში ბულგარულ ენაზე გამოსცა წიგნი ქართული ხალხური სიმღერების შესახებ. ერთხანს პარიზშიც ცხოვრობდა. 1927-იდან კვლავ საქართველოშია და განაგრძობს მუსიკალურ მოღვაწეობას. პერიოდულად გამოდიოდა მესტვირე ბ. ბურდულაძესთან ერთად. მუშაობდა ქართულ ხალხურ საკრავების (განსაკუთრებით სტვირის) გაუმჯობესებაზე. ეწეოდა ლიტერატურულ მუშაობას.