შანიძე, აკაკი
ვიკიპედიიდან
აკაკი გაბრიელის ძე შანიძე (* 14 თებერვალი/26 თებერვალი, 1887, სოფ. ნოღა, ახლანდელი სამტრედიის რაიონი ― † 29 მარტი, 1987, თბილისი) – ქართველი ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1941), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1939), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1943), სომხეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967), პრაღის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წევრ-კორესპონდენტი (1937), შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (1966), ინგლისის "ფილოლოგთა საზოგადოების" საპატიო წევრი (1979). იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზ. მეცნიერების განყოფილების თავმჯდომარე (1946) და ვიცე-პრეზიდენტი (1948-1950).
[რედაქტირება] ბიოგრაფია
1913 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი, იქვე დატოვეს სომხურ-ქართული ფილოლოგიის კათედრაზე. შანიძე თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელია. სხვადასხვა დროს იყო უნივერსიტეტის სომხური ენის კათედრის გამგე (1918-1930), ქართული ენის კათედრის გამგე (1919-1945), ძველი ქართული ენის კათედრის გამგე (1945-იდან). ი. ყიფშიძესთან და გ. ახვლედიანთან ერთად საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ენათმეცნიერების კვლევა-ძიების საქმეს.
შანიძის ნაშრომები შეეხება ქართველური ენების სტრუქტურისა და ისტორიის, ქართული დიალექტოლოგიის, ქართული ტექსტოლოგიის, ქართული ეპიგრაფიკის, ქართული ფოლკლორისტიკის, რუსთველოლოგიის, არმენისტიკის, ალბანოლოგიისა და ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის პრობლემატიკას. მისმა მონოგრაფიამ "სუბიექტური პრეფიქსი მეორე პირისა და ობოექტური პრეფიქსი მესამე პირისა ქართულ ზმნებში" (1920) საფუძველი ჩაუყარა ქართული ზმნის ბუნებისა და აგებულების ახალი თვალსაზრისით შესწავლას. ამას მოჰყვა გამოკვლევები, რომლებშიც გამოვლენილი და დადგენილია ზმნის რამდენიმე ახალი, მანამდე უცნობი კატეგორია, გამოკვლეულია ზოგი საკვანძო საკითხი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფუძემდებლური ნაშრომები "წელიწადის ეტიმოლოგიისათვის" (1924), "ქართული ზმნის საქცევი" (1927) და სხვა. ფონეტიკური და მორფოლოგიურ დარგებში შანიძის ადრეული ძიებები შეჯამებულია საეტაპო მნიშვნელობის წიგნში "ქართული გრამატიკა, I. მორფოლოგია" (1930), რომელიც წარმოადგენს ახალი ქართული ენის პირველ მეცნიერულ გრამატიკას. მან დიდი როლი შეასრულა ახალი სალიტერატურო ქართული მყარი საფუძვლის შექმნისა და შემდგომი კვლევის საქმეში. წიგნმა მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი ევროპაში ქართული ენის კვლევა-ძიების გაცხოველებას. მისი არსებითად შევსებულ-გადამუშავებული გამოცემა "ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები, I. მორფოლოგია" (1953) სრულად ასახავს ქართული სალიტერატურო ენის გრამატიკის (მორფოლოგია) აღნაგობას, ფართოდ წარმოადგენს ქართული ენის სტრუქტურულ თავისებურებებს. ახალი კატეგორიების დადგენასთან ერთად შანიძემ შემოიღო მთელი რიგი ახალი გრამატიკული ტერმინები, რომლებიც დამკვიდრდნენ საერთოდ გრამატ. ლეტერატურაში. შანიძემ ამაგი დასდო აგრეთვე სხვა ქართველური ენების კვლევა-ძიებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფუძემდებლური ნაშრომი "უმლაუტი სვანურში" (1925) და სვანური მეტყველების ტექსტების პუბლიკაცია.