ჩილდირის ბრძოლა 1578
ვიკიპედიიდან
ჩილდირის ბრძოლა 1578, ბრძოლა ოსმალეთის ჯარსა და სპარსეთის ლაშქარს შორის ჩილდირის ველზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
ოსმალეთმა გამოიყენა სპარსეთის შინაური არეულობა, დაარღვია 1555 ამასიის ზავის პირობები და ომი გამოუცხადა სპარსეთს. ამ ომში ოსმალეთი ცდილობდა მიემხრო საქართველოს მეფე-მთავრები. მრავალრიცხოვანი არმია ლალა მუსტაფა-ფაშას მეთაურობით სამხრეთ საქართველოში შეიჭრა. რამდენიმე ციხის (ქაჯის, ველის, თეთრიციხის) აღების შემდეგ ოსმალები ჩილდირის ველზე დაბანაკდნენ. სპარსელთა ჯარი 30 ათას კაცს ითვლიდა. გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა ჩილდირის ველზე 9 აგვისტოს და ოსმალთა გამარჯვებით დამთავრდა. მათ ხელთ იგდეს 500 ტყვე და დიდძალი ნადავლი. ბრძოლაში 5 ათასი სპარსელი დაიღუპა. ტყვე ყიზილბაშები დახოცეს, ქართველები კოცონზე დაწვეს. ჩილდირის ბრძოლის შემდეგ ახალციხის საფაშო მთლიანად ოსმალებმა დაიკავეს.