ჩხეიძე, სეხნია (XVIII ს.)
ვიკიპედიიდან
სეხნია ჩხეიძე (* დაახლოებით 1670 ― † 1745), XVIII საუკუნის I ნახევრის ქართველი ისტორიკოსი, ქართლის სამეფოს კარის მოლარეთუხუცესი.
XVII საუკუნის დასასრულს და XVIII საუკუნის I მეოთხედში ჩხეიძე არაერგთგზის ახლდა ქართლის პოლიტიკურ მოღვაწეებს ირანში და მონაწილეობდა ირანელთა ომებში. მას ეკუთვნის საისტორიო თხზულება "ცხოვრება მეფეთა", რომელიც მოიცავს 1653-1739 ისტორიას (გადმოცემულია ქართლ-კახეთის მეფეთა თავგადასავალი და ირანის სახელმწიფოში მიმდინარე ამბები). ჩხეიძეს, როგორც თვითონ აღნიშნავს, ისტორიული ამბები გადმოუცია "თვალნახულითა" და "მნახავთაგან სმენითა". თხზულება შინაარსობრივად ერთფეროვანია (მეფეთა პოლიტიკური და სალაშქრო თავგადასავალი) და უმთავრესად ომებსა და რაინდულ ვაჟკაცობას ასახავს. ავტორს ნაკლებად აღელვებს ქვეყნის პოლიტიკური უკუღმართობა. თხზულებას ეტყობა ძველი ქართული საისტორიო ტრადიციის (დავითისა და თამარის ისტორიკოსები) გავლენა, განსაკუთრებით თხრობის მანერაში.