წუნდა
ვიკიპედიიდან
წუნდა, ისტორიული ქალაქი სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთში, მისი უძველესი ცენტრი. მდებარეობდა მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე (ახლანდელი ასპინძის რაიონის სოფ. ნაქალაქევისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე). ქართული ეროვნული ტრადიციის თანახმად ქალაქი დააარსა ქართველთა ერთ-ერთმა ეთნარქმა (ქართველთა ეთნარქები) ჯავახოსმა (ჯავახეთის ეპონიმმა). ძვ. წ. III საუკუნეში ქართლის მეფემ ფარნავაზ I-მა დაარსა წუნდის საერისთავო. ერისთავის გამგებლობაში შედიოდა ჯავახეთი, კოლა, არტაანი. წუნდაში იყო საეკლესიო ცენტრიც (ვარაუდით - კუმურდოს საეპისკოპოსოს). ქალაქზე გადიოდა ბიზანტიიდან ქართლში მომავალი გზა, რომალმაც დიდი როლი ითამაშა წუნდის დაწინაურებაში. X საუკუნისათვის წუნდა თანდათან დაქვეითდა და ჯავახეთის ცენტრი თმოგვის ციხეში გადაიტანეს. წუნდის მატერიალური კულტურული ძეგლთაგან შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - XII-XIII საუკუნეების დარბაზული ეკლესია. პატარა კლდეზე აღმართული ეს ეკლესია, ნაგებია სუფთად გათლილი სწორი კვადრებით, კარ-სარკმლების ჩარჩოები და კარნიზი მდიდრულადაა მოჩუქურთმებული. დასავლეთ კარზე ასომთავრული წარწერაა. სამხრეთით მიშენებულია კარიბჭე, რომლის სვეტებიც ასევე უხვადაა მოჩუქურთმებული. ეკლესია რესტავრირებულია 1938 წელს. შემორჩენილია სამრეკლო, აგრეთვე გელაზის ქვები და ქვაში ამოჭრილი საწნახლები. ნაქალაქარის ჩრდილოეთით მდ. მტკვრის მარჯვნივ, XIX საუკუნეში ჯერ კიდევ იდგა ნაციხარი - "ვერანყალა".