წყალტუბო
ვიკიპედიიდან
ქალაქი საქართველოში, წყალტუბოს რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე წყალტუბოსწყლის ნაპირზე, ზღვის დონიდან 120 მ სიმაღლეზე. ქალაქად გამოცხადდა 1953 წელს. მოსახლეობა 16,8 ათასი (2002 წ.).
წყალტუბოში კურორტის გაშენება 1926 წელს დაიწყო. განაშენიანების პირველი პროექტი 1932-40 წლებში შედგა (არქ. ნ. სევეროვი), გენგეგმა კი, რომელსაც საფუძვლად წრიული სქემა დაედო - 1950-51 წლებში (არქ. ი. ზაალიშვილი, ვ. კედია). სხვადასხვა დროს გაშენდა 19 სანატორიუმი და პანსიონატი, 9 სააბაზანო, საკურორტო პარკი, კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფილიალი. ნაგებობათა შორის აღსანიშნავია სანატორიუმები: "მეგობრობა" (1937-40 წწ. არქ. ლენტოვსკი), "თბილისი" (1951 წ., არქ. ვ. ოლტარჟევსკი, ბ. სობოლევსკი), "იმერეთი" (1961 წ. არქ. ვ. ალექსი-მესხიშვილი, ლ. ჯანელიძე) და სხვ.