ამური (თევზი)
ვიკიპედიიდან
ამური, კობრისებრთა ოჯახის ორი სახეობის თევზის (თეთრი და შავი ამურა) საერთო სახელი.
თეთრი ამური (Ctenopharyngodon idella) გავრცელებულია ამურის აუზსა და ჩინეთის მდინარეებში. 122 სმ-მდე სიგრძის სხეული აქვს და 32 კგ-მდე აწონის. სწრაფად იზრდება. ყრის 1 მლნ-მდე კვერცხს. იკვებება უმთავრესად წყლის უმაღლესი მცენარეებით. მოზარდს ბრინჯის პლანტაციებში სარეველების მოსასპობად იყენებენ. აკლიმატიზებულია საქართველოს მრავალ ტბასა და ტბორში (მ. შ. კუმისის ტბაში).
შავი ამური (Mylopharyngodon piceus), იმავე ადგილებში გვხვდება. სხეულის სიგრძე 120 სმ-მდე აღწევს, წონა — 32 კგ-მდე. ტოფობს ივნის-ივლისში. იკვებება მოლუსკებით. ამური რეწვის ობიექტია.