დიალექტი
ვიკიპედიიდან
დიალექტი (ბერძ. διαλέγομαι, dialegomai „ერთად ლაპარაკი“) არის გარკვეული ლიტერატურული ენის არასტანდარტიზებული ვარიანტი, მისი რეგიონალურ-კუთხური ან სალაპარაკო ფორმა, რომელიც ამავე ენის სხვა დიალექტებისგან გარკვეული რაოდენობის ლექსიკური, სინტაქსური თუ ფონეტიკური თავისებურებებით გასხვავდება. მას იყენებს მოსახლეობის შედარებით მცირე ნაწილი, თუმცა იგი ძირითადში გასაგებია სტანდარტული ენის მატარებლებისთვის.
ძირითადად დიალექტთა ორ ტიპს განასხვავებენ:
- ლოკალური დიალექტები (ანუ გეოგრაფიული დიალექტები, რომლებსაც გეოლექტებსაც უწოდებენ), რომელთაც შეისწავლის დიალექტოლოგია. ეს დიალექტები შეიძლება თანაარსებობდნენ ერთსა და იმავე დონეზე (მაგ. ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ყველა რეგიონში მეტ-ნაკლებად განსხვავებული ინგლისურით ლაპარაკობენ, მაგრამ არც ერთი ვარიანტი არ არის სხვებზე უპირატესი), ან სტანდარტულ ენასთან შედარებით დაბალ დონეზე იყოს მიჩნეული.
- სოციალური დიალექტები (სოციოლექტები), რომელთაც სოციოლინგვისტიკა შეისწავლის.
ცნება ”დიალექტი” განსხვავდება ცნებისგან ”კილო” (შეადარე ქართლური კილო), რომელიც ენის მხოლოდ ფონოლოგიურ ასპექტს მოიცავს. ასე მაგალითად, აჭარელს შეუძლია ლიტერატურულ ქართულ ენაზე აჭარული კილოთი ისაუბროს, მაგრამ არ შეუძლია სტანდარტიზირებულ ქართულად აჭარული დიალექტით ლაპარაკობდეს.
დიალექტიკური, კუთხური ენა ლიტერატურაშიც გამოიყენება, ძირითადად ამა თუ იმ რეგიონის ან გარკვეული მოსახლეობის ცხოვრებისეული რეალიების აღსაწერად.
[რედაქტირება] ზღვარი სტანდარტულ ენასა და დიალექტს შორის
დიალექტი გარკვეული ადამიანის დაბადებისა და ჩამოყალიბების ადგილთან იდენტურობის სფეროს მიეკუთვნება, რაც ურთიერთობას დიალექტის მატარებლისა და ლიტერატურულ-სტანდარტულ ენაზე მოლაპარაკეს შორის ემოციურად დატვირთულს ხდის. სრულიად უსაფუძლოდ არის გავრცელებული აზრი, თითქოს დიალექტი ლიტერატურულ ენასთან შედარებით უფრო ”ნაკლოვანია”, მისი სოციალური ღირებულება სტანდანტიზებულ ენასთან მიმართებაში უფრო დაბალია.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დიალექტსა და სტანდარტულ ენას შორის არსებული ზღვარი ხშირად პოლიტიკურ ნიადაგზეა შექმნილი.