ერუშეთი
ვიკიპედიიდან
ერუშეთი, ისტორიული მხარე სამხრეთ საქართველოში, არტაანის ჩრდილოეთით (ახლანდელი თურქეთის საზღვრებში). მოიცავდა ტერიტორიას არსიანის ქედსა და ნიალის ველს შორის. სახელი ეწოდა მხარის ცენტრალური პუნქტის მიხედვით. ქართლის სამეფოს უძველესი ადმინისტრაციული დანაწილებით, ერუშეთი არტაანთან ერთად წუნდის საერისთავოში შედიოდა. ძველი ქართული ტრადიის თანახმად, საქართველოში პირველი ქრისტიანული ტაძარი ერუშეთში ააგეს (IV ს.) . შემდგომში (V ს.) ვახტანგ გორგასალს აქ საეპისკოპოსო კათედრა დაუარსებია. XVI საუკუნეში ერუშნელი ეპისკოპოსის ეპარქიაში ერუშეთის გარდა არტაანის მხარის მტკვრის მარცხენა სანაპიროც შედიოდა. XVI საუკუნიდან ერუშეთი სამხრეთ საქართველო სხვა პროვინციებთან ერთად ოსმალთა მფლობელობაში გადავიდა. რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომის შემდეგ, სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულების (1878) და ბერლინის კონგრესის (1878) თანახმად, ერუშეთი რუსეთის იმპერიას გადაეცა, შემდგომში მას კვლავ ოსმალეთი დაეუფლა. XIX საუკუნის დასასრულს ერუშეთში იმოგზაურა და ისტორიული ძეგლები შეისწავლა ე. თაყაიშვილმა. მიკვლეულ იქნა ადრინდელი ფეოდალური ხანის სამნავიანი ბაზილიკის ნანგრევები, სადაც შეინიშნებოდა მომდევნო პერიოდების ფრესკათა ნაკვალევი. იქვე ყოფილა სასახლის ნაშთებიც.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- თაყაიშვილი ე., 1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში, თბ., 1960;
- ბერძენიშვილი დ., ქსე, ტ. 4, გვ. 208-209, თბ., 1979