მცხეთა
ვიკიპედიიდან
მცხეთა ქალაქი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის და მცხეთის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მცხეთა გამოცხადებულია ქალაქ-მუზეუმად და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. მოსახლეობა 7,7 ათასი (2002 წ.).
ტრადიციის მიხედვით, ქალაქის დაარსება ლეგენდარულ მცხეთოსს მიეწერება: “ქართლოსის სიკვდილის შემდეგ, მისმა მეუღლემ შვილებს გაუნაწილა სამფლობელოები. მათ შორის უფროსი - მცხეთოსი დაესახლა მტკვრისა და არაგვის შესაყართან, აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელი თვისი”. იგი დაარსებული ჩანს ძვ.წ. 1-ლი ათასწლეულის მე-2 ნახევარში. იგი ქართლის დედაქალაქად გამხდარა აზონ მეფის დროს, ძვ.წ. IV საუკუნეში. ვარაუდობენ, რომ სახელწოდება მომდინარეობს მესხთა სატომო სახელისაგან (მესხთა > მცხეთა). რამდენიმე ასწლეულის შემდეგ იგი როგორც სოფელი, ხოლო შემდეგ ისევ ქალაქად მოიხსენიება. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1956 წელს.
მცხეთა მდებარეობს მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესაყართან, საქართველოს სამხედრო გზაზე. აქ არის რკინიგზის სადგური, კვების და მსუბუქი მრეწველობის საწარმოები, ზემო ავჭალის ჰესი. ქალაქში კულტურისა (უმაღლესი სასწავლებლები, თეატრი, მუზეუმი) და არქიტექტურის მრავალი ძეგლია.
ქალაქის ტერიტორიაზე არსებული არქეოლოგიური ძეგლები საშუალებას იძლევა თვალი გავადევნოთ მის ცხოვრებას ძვ.წ. II ათასწლეულიდან ადრეფეოდალურ ხანამდე. VI საუკუნიდან ქართლის დედაქალაქმა თბილისში გადაინაცვლა, მცხეთა კი საეკლესიო ცენტრად დარჩა. მცხეთის და მისი შემოგარენის ღირშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია:
- აკროპოლი (ძვ.წ. IV-III სს.) - მთავარი ციხე-სიმაგრე ბაგინეთის მთაზე;
- ელინისტური ეპოქის არმაზციხე;
- საპიტიახშოს რეზიდენცია არმაზისხევში;
- დიდი მცხეთის ძველი უბნები: სარკინე, წიწამური, ნაქულბაქევი, კარსანი, მუხათგვერდი, კალოუბან-კოდმანი;
- ჯვარი (VI ს.);
- სვეტიცხოველი (XI ს.);
- სამთავრო სამონასტრო კომპლექსი (XI ს.).
მცხეთაში არის მცხეთა-თბილისის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.