უდაბნოს მონასტერი
ვიკიპედიიდან
უდაბნო , ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო ანსამბლი შუა საუკუნეების რელიგიურ-კულტურული ცენტრის - დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში (თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 60-70 კმ-ზე, საგარეჯოს რაიონში), ისტორიულ კუხეთში. მდებარეობს დავითის ლავრის სამხრეთ-დასავლეთით აღმართული კლდის სამხრეთ ფერდობზე.
გამოქვაბული მონასტერი მოიცავს მრავალ ეკლესია-სენაკს. ანსამბლის მთავარი ნაგებობა ღვთისმშობლის ეკლესია, რომელსაც ჩრდილოეთით სამთაღიანი გასასვლელით დაკავშირებული მაღალი და ფართო სადიაკვნე ეკვრის. მონასტერს ჰქონდა აგრეთვე სატრაპეზო და სხვა დანიშნულების სათავსები. უდაბნოს მონასტერში დაცულია მხატვრობა, რომელშიც პირველად აისახა დავით გარეჯელის ცხოვრების ციკლი. მთავარი ეკლესიის მოხატულობის უძველესი ფენა X საუკუნის II ნახევრით თარიღდება. ამავე ხანას მიეკუთვნება სატრაპეზოს მოხატულობა. სადიაკვნის მოხატულობა სტილისტური და იკონოგრაფიული ნიშნებით ახლოს დგას ქრისტიენული აღმოსავლეთის ქვეყნების ადრინდელი ხანის მოხატულობის ნიმუშებთან და 856-864 შორის უნდა იყოს შესრულებული (გ. აბრამიშვილი). მოხატულობის II ფენა XIII საუკუნეს მიეკუთვნება, ხოლო შემდეგი - XIV საუკუნეს.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- აბრამიშვილი გ., დავით გარეჯელის ციკლი ქართულ კედლის მხატვრობაში, თბ., 1972
- Чубинашвили Г. Н., Пещерные монастыри Дажид-Гареджи, Тб., 1948