ალექსანდრე V
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "ალექსანდრე" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: ალექსანდრე |
ალექსანდრე V (* დაახლოებით 1703/1704 ― † მარტი. 1752), იმერეთის მეფე 1720-1751. მის დროს გაძლიერდა ოსმალეთის აგრესია. მეფის ხელისუფლება დასუსტებული იყო გამუდმებული შინაფეოდალური ომებით. 1721-1728 სამეფოს ფაქტობრივად ოდიშის მთავარი ბეჟან I დადიანი განაგებდა. 1734 ალექსანდრე V-მ ჩიხორის ბრძოლაში დაამარცხა ოტია დადიანი და მეფე-მთავრებს შორის დროებით მშვიდობა ჩამოვარდა.
ალექსანდრე V რუსეთთან დაახლოების მომხრე იყო. მის პირველ ცდას 1720-1730 ამ მხრივ შედეგი არ მოჰყოლია. მხოლოდ რუსეთ-ოსმალეთის 1735-1739 ომის დროს, რუსების მიერ აზოვის აღების შემდეგ (1736 წლის 16 ივნისი), გაუჩნდათ ალექსანდრე V-სა და მის მომხრეებს დახმარების იმედი. 1738 ალექსანდრე V-მ რუსეთში ელჩად გაგზავნა ქუთათელი მიტროპოლიტი ტიმოთე გაბაშვილი. ელჩმა იმპერატორს დასავლეთ საქართველოს რუკა წარუდგინა, ქვეყნის ოსმალებისაგან განთავისუფლების გეგმა გააცნო და მფარველობა სთხოვა. ამ გეგმის განხორციელებას ხელი შეუშალა რუსეთ-ოსმალეთის ბელგრადის საზავო ხელშეკრულებამ (1739). სამეფოში კვლავ ატყდა შინაფეოდალური ომი. 1741 წელს ალექსანდრე V-ის მოწინააღმდეგე ფეოდალებმა მისი ძმა გიორგი გაამეფეს. მაგრამ ალექსანდრე V-მ იმავე წელს დაიბრუნა ტახტი. 1743 წელს მან ზავი დადო დადიანთან და სამეფოში მცირე ხნით მშვიდობა ჩამოვარდა. 1746 წელს ალექსანდრე V ტახტიდან გადააყენა მისმა ძმამ - მამუკამ. 1747 ოსმალეთის დახმარებით ალექსანდრე V-მ ისევ დაიბრუნა მეფობა, მაგრამ სამეფოში საერთო არეულობა სუფევდა.
ალექსანდრე V-მ ააგო ჩხარის წმ. გიროგის მონასტერი (1737) და ვარციხის სამეფო სასახლე.