ალმოდოვარი, პედრო
ვიკიპედიიდან
პედრო ალმოდოვარ კაბალიერო (Pedro Almodóvar Caballero) (*24 სექტემბერი, 1949, კალზადა დე კალატრავა, ესპანეთი) -ესპანელი კინორეჟისორი. 1980-იან წლებში პირველი ფილმის გადაღების შემდეგ დღემდე მას უკვე 30-მდე ფილმი აქვს დაწერილი, დადგმული და ზოგ მათგანში შესრულებულიც. მისი ფილმები აგებულია ადამიანურ ურთიერთობებზე, რომელიც ვითარდება წარმოუდგენელ გარემოებებში, დამახასიათებელი მწვავე მელოდრამითა და განზრახ ხაზგასმული "კიჩით". ამერიკის კინოაკადემიის ოსკარის მფლობელი.
[რედაქტირება] ადრეული ბიოგრაფია და განათლება
პედრო ალმოდოვარი დაიბადა კალზადა-დე-კალატრავაში სიუდად-რეალში, კასტილ-ლა-მანჩას პროვინციაში, თუმცა რვა წლის ასაკში მშობლებთან ერთად კასერესში, ექსტრემადურა, გადავიდა საცხოვრებლად. საშუალო განათლება სალესიელ მამათა სკოლაში მიიღო, ხოლო საუნივერსიტეტო გამოცდები კი ფრანცისკანელი ძმების სკოლაში ჩააბარა.
თექვსმეტი წლის ასაკში მადრიდში გადავიდა, სადაც თორმეტი წელი მრავალი სამსახური გამოიცვალა, სანამ საბოლოოდ სატელეკომუნიკაციო კომპანია "ტელეფონიკა"-ში დაფუძნდებოდა. ამავე დროს ხდება თეატრალური ჯგუფის «Los Goliardos» წევრი, სადაც მცირე როლებს ასრულებს და პირველად ხვდება კარმენ მაურას. აქვე ის იწყებს მცირე მოთხრობების წერას, რომელიც სხვა ავტორებთან ერთად ლიტერატურულ ჟურნალებში იბეჭდებოდა.
1980 წელს იღებს თავის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმს "პეპი, ლუსი, ბომი და სხვა მსგავსი გოგონები". ამ პროექტს დასაბამი მისცა ალმადოვარის ფოტონოველამ "ხშირი ერექციები" («Erecciones generales»), რომელიც ჟურნალი «El Víbora»-ს შეკვეთით დაწერა. ფილმს წელიწადზე მეტ ხანს იღებდნენ მხოლოდ გამოსაშვებ დღეებში. გადაღებისთვის საჭირო ერთი მილიონი პესეტა თეატრალური ჯგუფის წევრებმა ფელიქს ტოტატეტამ და კარმენ მაურამ იშოვეს, მოწყობილობა კი მეგობრებისგან ითხოვეს. მიუხედავად ამისა, სახსრების სიმწირე მოქმედების თავისუფლების საშუალებას იძლეოდა. ფილმი მყისვე გახდა პოპულარული დამოუკიდებელ წრეებში და კინოთეატრთა ქსელ "ალფავილის" მნახველთა შორის, სადაც ის ღამის სეანსებზე გადიოდა თითქმის ოთხი წლის განმავლობაში.
ალმადოვარს პირველი მსოფლიო წარმატება მოუტანა ფილმმა "რისთვის დავიმსახურე ეს?" ("¿Qué he hecho yo para merecer ésto?") გაზეთი "ნიუ-იორკ ტაიმსი" მასზე ასე წერდა: "ეს შესანიშნავი შავი კომედიაა, უბრალოდ პატარა შედევრია!".
1985 წელს პედრო, ძმასთან, აგუსტინ ალმადოვართან ერთად ქმნის საპროდიუსერო კომპანიას «El Deseo», რომლის პირველი გამოშვება გახდა 1986 წლის ფილმი "სურვილის კანონი" ("La ley del deseo").
პირველი მნიშვნელოვანი აღიარება ალმადოვარს ფილმმა "ქალი ნერვული კრიზისის ზღვარზე" ("Mujeres al borde de un ataque de nervios") მოუტანა. ფილმმა ორმოცდაათამდე ეროვნული პრემია მიიღო და ამერიკული კინოაკადემიის ოსკარზეც იყო წარდგენილი.
1999 წელს ალმადოვარი იღებს ფილმს "ყველაფერი დედაჩემის შესახებ" ("Todo sobre mi madre"), რომელმაც მრავალ ეროვნულ პრემიასთან ერთად ამჯერად "ოსკარიც" დაიმსახურა საუკეთესო უცხოური ფილმისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი წარმატების შემდეგ უკეთესი ფილმის გადაღება ყველასთვის წარმოუდგენელი იყო, რეჟისორი 2002 წელს იღებს "ესაუბრე მას" ("Hable con ella"), რომელმაც კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო პრემია და "ოსკარიც" მიიღო საუკეთესო სცენარისთვის.
ალმადოვარის მსოფლიო ტრიუმფს დაემთხვა ესპანეთის კინოაკადემიასთან ურთიერთობების გამწვავება, რომელმაც არ წამოაყენა მისი ფილმი ("ესაუბრე მას") ოსკარზე "საუკეთესო უცხოური ფილმისთვის". 2005 წელს, ალმადოვარის შემდეგმა ფილმმა "ცუდი აღზრდა" ("La mala educación") ესპანეთის "გოიას" არცერთი პრემია არ მიიღო, რის შემდეგაც ის ძმასთან ერთად აცხადებს აკადემიიდან გამოსვლის შესახებ, კენჭისყრის სისტემასთან უთანხმოების საბაბით.
[რედაქტირება] ფილმოგრაფია
წელი | ფილმი | ჯილდოები |
---|---|---|
2006 | ვოლვერი | |
2004 | ცუდი აღზრდა (La mala educación) | |
2002 | ესაუბრე მას (Hable con ella) | ამერიკის აკადემიის ჯილდო საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის
ოქროს გლობუსის ჯილდო, ამერიკის აკადემიის ჯილდო საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის |
1999 | ყველაფერი დედაჩემის შესახებ (Todo sobre mi madre) | ამერიკის აკადემიის ჯილდო საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის |
1997 | ცოცხალი ხორცი ? (Carne trémula) | |
1995 | ჩემი საიდუმლოს ყვავილი (La flor de mi secreto) | |
1993 | კიკა | |
1991 | მაღალი ქუსლები (Tacones lejanos) | |
1990 | დამაბი (¡Átame!) | |
1988 | ქალი ნერვული კრიზისის ზღვარზე (Mujeres al borde de un ataque de nervios) | |
1987 | სურვილის კანონი (La ley del deseo) | |
1986 | მატადორი (Matador) | |
1984 | რატომ დავიმსახურე ეს? (¿Qué he hecho yo para merecer ésto?) | |
1983 | ბნელი ვნებანი (Entre tinieblas) | |
1982 | ვნებათა ლაბირინთი (Laberinto de pasiones) | |
1980 | პეპი, ლუსი, ბომი და სხვა მსგავსი დედაჩემისნაირი გოგონები (Pepi, Luci, Bom y otras chicas del montón) |