ბაგრატიონ-იმერეტინსკი, დიმიტრი
ვიკიპედიიდან
ბაგრატიონ-იმერეტინსკი, დიმიტრი გიორგის ძე (* 1799 ან 1800 ― † 6 ნოემბერი, 1845), რუსეთის არმიის გენერალი. მცირეწლოვანი დიმიტრი, ისევე როგორც მისი უფროსი ძმა ალექსანდრე, დაპატიმრებული ჰყავდა იმერეთის მეფეს სოლომონ II-ს, რომელსაც სურდა დაეცვა ტახტი პოტენციური პრეტენდენტებისაგან. პატიმრობიდან გაქცევის შემდეგ (1811)დასახლდა რუსეთში. 1816 წელს დაამთავრა პაჟთა კორპუსი. სამხედრო სამსახური დაიწყო ლიტვის ულანთა პოლკში. 1817-იდან მსახურობდა ლაიბ-გვარდიის ულანთა პოლკში. თავი გამოიჩინა 1828-1829 რუსეთ-ოსმალეთის ომში. 1833 დაინიშნა კურლანდიის, ხოლო 1837 გროდნოს ლაიბ-გვარდიის ჰუსართა პოლკების მეთაურად. 1836 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის ჩინი. 1845-იდან მეთაურობდა II მსუბუქ ცხენოსანთა დივიზიას. დასაფლავებულია სანქტ-პეტერბურგში, ალექსანდრე ნეველის ლავრაში, ლაზარეს სასაფლაოზე.