ბარტყოვანი ფრინველები
ვიკიპედიიდან
ბარტყოვანი ფრინველები (nidicolae ანუ altices), ფრინველები, რომელთა მართვეები გამოჩეკის შემდეგ დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებამდე განვითარების გარკვეულ პერიოდს გადიან. ბარტყოვანი ფრინველების საპირისპიროა წიწილოვანი ფრინველები. ბარტყოვანი ფრინველების ახლად გამოჩეკილ მართვეს გრძნობათა ორგანოები და კიდურების კუნთები სუსტი აქვს, ყურთუკივანი საფარველი კი უმნიშვნელოა ან სულ არ გააჩნია. პირველ ხანებში მართვეს სხეულის ტემპერატურა მერყევია და დამოკიდებულია გარემოს ტემპერატურაზე. მართვეებს ბუდეში დიდხანს კვებავენ და ათბობენ მშობლები. ბარტყოვანი ფრინველებს განეკუთვნებიან ბეღურასნაირნი, ყაპყაპისნაირნი, ალკუნისნაირნი, მტრედისნაირნი და სხვა. ბუსნაირთა და შავარდნისნაირთა მართვეები ყურთუკით შემოსილი იჩეკებიან. ამ ფრინველებს საშუალო ადგილი უკავიათ წიწილოვანსა და ბარტყოვანი ფრინველებს შორის.