განჯისკარი
ვიკიპედიიდან
"განჯისკარი" — ქალაქ თბილისის ერთ-ერთი ისტორიული კარიბჭე, საიდანაც გზა ქ. განჯისკენ მიემართებოდა. IX-XVIII საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლი ძველი თბილისის გალავანთან. მდებარეობდა სეიდაბადის (ხარფუხი) სამხრეთ ბოლოში, დღევანდელი ბალნეოლოგიური კურორტისა და სამასი არაგველის სახელობის ბაღის ტერიტორიაზე, სადაც შემორჩენილია ძველი გალავნის ნანგრევები.
განჯისკარის ადგილას 1948-1949 წლებში ჯერ ო. ჯაფარიძის, შემდეგ კი გ. ლომთათიძის ხელმძღვანელობით ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა IX-XIV საუკუნებში მოქმედი დიდი კერამიკული საწარმო, სადაც თიხის მაღალხარისხოვან, ძირითადად, მოხატულ და მოჭიქულ ჭურჭელს ამზადებდნენ. გაითხარა ჭურჭლის გამოსაწვავი ქურები, ხელსაწყოები, თონეები, დიდძალი წუნდებული და დამტვრეული ნაწარმი, მონეტები და სხვ. სავარაუდოდ, აქ მინის საწარმოც არსებულა.
აღმოჩენილი საგნებიდან განსაკუთრებით საინტერესოა XIII საუკუნის თიხის ჭურჭლის გამოსაწვავი 5 ქურა და თიხის ნივთები: გამოსაწვავი ნივთების ჩამოსაკიდებელი სოლები და კავები, ჯამებს შორის დასაწყობი სამფეხები, აგრეთვე ბევრი გადანაყარი და წუნი. ჩანს, სახელოსნოში უმთავრესად მოჭიქულ კერამიკას ამზადებდნენ (დოქები, ფრინველთა გამოსახულებითა და მცენარეული ორნამენტით შემკული მოჭიქული ჯამები და სხვა). ნაკეთობათა ზედაპირს მოჭიქვამდე თეთრი ან მოვარდისფრო ანგობით ფარავდნენ. ჭურჭლის შესამკობად სხვა ხერხებსაც მიმართავდნენ, მაგ., მოჭიქვამდე ერთი ან სხვადასხვა ფერის საღებავით მოხატავდნენ ან ზედ გეომეტრიულ თუ მცენარეულ ორნამენტებს ამოკაწრავდნენ და სხვა.
გათხრებით მოპოვებული ჭურჭელი და მონეტები ცხადყოფს, რომ კერამიკული სახელოსნო განადგურდა თემურლენგის პირველი შემოსევის დროს, 1386 წლის 26 ნოემბერს.
აქ აღმოჩენილი მონეტების მიხედვით მეთუნეთა სახელოსნო XIII საუკუნის 30-იან წლებში უნდა იყოს დანგრეული. "განჯისკარის" სახელოსნო უბანი IX-XVIII საუკუნეებში თბილისის საქალაქო მეურნეობის ერთ-ერთი ნაწილი იყო.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- "საქართველოს ძველი ქალაქები: თბილისი", 2006 წ. მეორე გამოცემა. ISBN 99940-0-923-0;
- ლომთათიძე, გ., არქეოლოგიური გათხრა თბილისში 1948 წ. ზამთარში, "მასალები საქართველოს და კავკასიის სრქეოლოგიისათვის", 1955, ტ. 1
- ჯაფარიძე ო., "განჯისკარის" 1948 წლის არქეოლოგიური გათხრის ანგარიში, იქვე.