თემურლენგი
ვიკიპედიიდან
თემურლენგი (ევროპულად, ტამერლანი) (* 1336, ხოჯა-ილგარი ― † 18 თებერვალი,1405, ოთრარი), შუააზიელი მხედართმთავარი, ემირი (1370-1405), გათურქებული მონღოლური ტომის ბეგის თარაღაის შვილი. ახალგაზრდა თემურლენგმა სახელი გაითქვა ფეოდალურ შინაომებში, ვილაიეთის მმართველი გახდა (1362) და ცოლად შეირთო ბალხისა და სამარყანდის მფლობელის ჰუსეინის და. 1362 ფეხში დაიჭრა და ამის გამო "თემურლენგი" (ტაჯიკურად "კოჭლი თემური") შეარქვეს. ორგანიზატორული და სამხედრი ნიჭის წყალობით თემურლენგი ჰუსეინთან ერთად სათავეში ჩაუდგა ფეოდალთა ლაშქარს და შვება მოგოლისტანის ჯარს, მაგრამ დამარცხდა. მალე თემურლენგსა და ჰუსეინს შორის დაიწყო ბრძოლა ხელისუფლებისათვის. 1370 თემურლენგმა ემირის წოდება მიიღო და ჩინგიზ-ყაენის შთამომავალთა სახელით ერთპიროვნულად განაგებდა მავერანაჰრს. 1388 აიღო ხვარაზმი და დაანგრია მისი დედაქალაქი ურგენჩი.
თემურლენგის სახელმწიფო წარმოადგენდა ფეოდალურ სამფლობელოთა კონგლომერატს. მისი ჯარი, ჩინგიზ-ყაენის ტრადიციების მიხედვით, ათეულების სისტემაზე იყო აგებული. თემურლენგი დიდ ყურადღებას უთმობდა მეცნიერულ და კულტურულ განვითარებას, დაპყრობილი ქვეყნებიდან მოჰყავდა ოსტატები და აგებდა სასახლეებს, მეჩეთებს, მავზოლეუმებს. მისი სახელმწიფოს დედაქალაქი იყო სამარყანდი.
თემურლენგის პოლიტიკა მიმართული იყო, ერთი მხრივ, შუა აზიის გაერთიანებისაკენ, მეორე მხრივ კი, დაპყრობითი ომებისაკენ. 1398 იგი შეიჭრა ინდოეთში და დაიპყრო დელი. 1400 დაიწყო ომი ოსმალეთთან. 1402 ანკარასთან დაამარცხა სულთანი ბაიაზიდ I. 1404 ილაშქრა ჩინეთში, მაგრამ ეს ლაშქრობა შეწყდა თემურლენგის გარდაცვალების გამო. ამ დროს მის სახელმწიფოში მავერანაჰრის, ხვარაზმისა და ხორასნის გარდა შედიოდა ირანი, პენჯაბი და ამიერკავკასია.
თემურლენგის ლაშქრობები გამოირჩეოდა არაჩვეულებრივი სისასტიკით. 1386-1403 თემურლენგი რვაჯერ შემოესია საქართველოს და უდიდესი ზიანი მიაყენა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხის შემდგომ განვითარებას.