გარდმანი
ვიკიპედიიდან
გარდმანი, კავკასიის ალბანეთის ერთ-ერთი პროვინცია. ტერიტორიულად მოიცავდა ძირითადად მდინარე შამქორჩაის ხეობას (აზერბაიჯანი), ცენტრი იყო გარდმანის ციხე (სომხური წყაროებით გარდმანბერდი). ციხის ნანგრევები დღემდეა შემორჩენილი ხეობის ზემო ნაწილში. ქართული ისტორიული წყაროებით ალბანეთის გარდმანის დასახელება, ჩვეულებრივ, ემთხვევა საკუთრივ ქართლის პროვინციია გარდაბნის სახელწოდებას. ქართლის და ალბანეთის პროვინციების სახელწობათა საერთო წარმომავლობა უეჭველია და მოწმობს გარკვეულ პერიოდში მათ პოლიტიკურ და შესაძლებელია, ეთნიკურ ერთიანობას. პირველად წყაროებში გარდმანი IV საუკუნეში იხსენიება, VI საუკუნის ბოლოს (ზოგი მოსაზრებით, IV საუკუნეში) მას სრაპსული წარმოშობის მიჰრანიდები დაეუფლნენ, რომელთაც მიიმხრეს გარდმანის მთავრობა, თავის ხელქვეით გააერთიანეს მთელი ალბანეთი (კავკასიისა) და ფაქტობრივი დამოუკიდებლობა მოიპოვეს სპარსელთაგან, VIII-IX საუკუნეებში, კახეთის სამთავროს შექმნის პირველ პერიოდში, გარდმანი მის შემადგენლობაში შედიოდა. IX საუკუნის II ნახევარში კი კვლავ დამოუკიდებელი სამთავრო გახდა. X საუკუნის დამდეგს გარდმანს ანისის სამეფო დაეუფლა. X საუკუნის ბოლოს იგი შედადიანების მიერ შექმნილი განძის საამიროში შედიოდა, XII საუკუნის ბოლოს და XIII საუკუნის დამდეგს საქართველოს ნაწილი იყო, კერძოდ, ვარამ გაგელის საგამგებლოს - გაგის ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენდა. ამ პერიოდშივეა დამოწმებული გარდმანის მეორ სახელწოდებაც - "ქართმანიკი".