გარეუბანი
ვიკიპედიიდან
გარეუბანი, გარეთუბანი, ფეოდალური ხანის თბილისის უბანი მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, კალას ჩრდილოეთითა და დასავლეთით, მისი გალავნის გარეთ.
გარეუბნის უკიდურესი ზღვარი ჩრდილოეთით იყო ახლანდელი ვერის (ყოფ. კიროვის სახელობის) პარკის მიდამოები. XVI- XVII საუკუნეებში გარეუბნის ტერიტორია ქალაქის გალავნიდან ქაშუეთის ეკლესიამდე უკვე მჭიდროდ იყო დასახლებული. გარეუბანი იყოფოდა რამდენიმე მიკროუბნად:
- მუხრანბატონიანთ უბანი - ავანაანთხევის ორივე მხარეს, მტკვრის პირიდან ახლანდელი ჩახრუხაძისა და ბარათაშვილის ქეჩების კუთხემდე და ვანქის უბნამდე;
- ვანქის უბანი - ვანქის მონასტრის მიდამოები (ახლანდელი გიორგი ათონელის ქუჩა);
- ორბელიანთ უბანი - ვანქის უბნიდან "გარეთუბნის მეიდნამდე" ანუ ყაბახამდე (იხილეთ ასპარეზი) ჩრდილოეთით და მტკვრამდე აღმოსავლეთით;
- შუა კარის უბანი - "დიღმის გზისა" და "შუა კარის გზის" მიდამოები - ახლანდელი პუშკინისა და მუზეუმის ქუჩებს, რუსთაველის პროსპექტისა და თავისუფლების მოედანს შორის მოთავსებული ტერიტორია.
XVIII საუკუნის 20-იან წლებში ოსმალებმა გააპარტახეს გარეუბანი, აქაური მოსახლეობა კი ქალაქში გადასახლდა. იმავე საუკუნის 60-70-იან წლებში იწყება გარეუბნის ხელახალი დასახლება. ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების (1801) შემდეგ ქალაქის ტერიტორია სამ ნაწილად დაიყო, ერთი მათგანი იყო გარეუბანი; ამ დროიდან გარეუბანში აგებენ ევროპული ტიპის შენობებს. უბნის ცენტრი ქმნიდა მოედანს (ახლანდელი თავისუფლების მოედანი). 1859 წელს ადრინდელი ყაბახის ადგილას გაშენდა პარკი (ახლანდელი 9 აპრილის სახელობის პარკი; ყოფ. კომუნარების სახელობის პარკი). ამ დროისათვის გარეუბანი ახლანდელი კაკაბაძეების (ყოფ. გ. ლეონიძის) ქუჩამდე აღწევდა. XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან ქალაქის ოფიციალურ ტოპონიმიკაში გარეუბანი აღარ იხსენიება.