მტკვარი
ვიკიპედიიდან
მტკვარი | |
---|---|
მტკვრის ხედი აბანოთუბნიდან |
|
მდებარეობა | ამიერკავკასია |
სიგრძე | 1364 კმ. |
აუზის ფართობი | 188 000 კვ.კმ. |
სათავე | სომხეთის მთიანეთი, (თურქეთი) |
ჩაედინება | კასპიის ზღვა (აზერბაიჯანი) |
ქვეყნები | თურქეთი,საქართველო, აზერბაიჯანი |
ქალაქები | თბილისი, რუსთავი, გორი, ბორჯომი და ა.შ. |
მტკვარი (აზერბ. Kür) - მდინარე თურქეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში, სამხრეთ კავკასიის მთავარი მდინარე. მისი ანტიკური სახელწოდებაა Cyrus, თურქები და აზერბაიჯანელები Kür-ს უწოდებენ. სათავეს იღებს თურქეთში, ე.წ. სომხეთის მთიანეთში, ქალაქ ყარსის მახლობლად, ზემოწელში მიედინება ხეობებსა და ვიწრობებში (ყველაზე ცნობილია ბორჯომის ხეობა), რომლებსაც ენაცვლება მთათაშორისი ქვაბულები და დაბლობები, თბილისის შემდეგ მისი კალაპოტი ხშირად რამდენიმე ტოტად იყოფა, ალაზანთან შეერთების შემდეგ მშრალ სტეპებში მიედინება და მინგეჩაურის შემდეგ მტკვარ-არაქსის დაბლობზე გადის. შესართავიდან 236 კმ-ზე მტკვარს უერთდება სამხრეთ კავკასიის მეორე დიდი მდინარე არაქსი. კასპიის ზღვასთან იგი ქმნის 100 კვ.კმ-ის ფართობის დელტას.
მტკვრის სიგრძე 1364 კმ-ია, აუზის ფართობი 188 ათასი კვ.კმ, წყლის საშუალო ხარჯი - 30 კუბ.მ/წმ საქართველო-თურქეთის საზღვართან, 205 კუბ.მ/წმ - თბილისთან. 575 კუბ.მ/წმ შესართავთან. მდინარის კვება შერეულია: თოვლი 36%, მიწისქვეშა წყლები 30%, წვიმის წყლები 20%, მყინვარის წყლები 14%. ზამთარში წყლის დონე სტაბილურია, ახასიათებს წყალდიდობები მარტის ბოლოდან, რომელიც მაქსიმუმს აღწევს მაისში. მტკვრის წყლისთვის დამახასიათებელია დიდი სიმღვრიე, რომლის დონე ქვემოწელში მერყეობს 1900-დან 2325 გ/კუბ.მ-მდე.
მტკვრის წყალი გამოიყენება სარწყავად, თბილისის ზემოთ - ხე-ტყის დაცურებისათვის, ევლახის ქვემოთ - სანაოსნოდ. მდინარეზე აგებულია მინგეჩაურის წყალსაცავი, ასევე ჰესები: ჩითახევის, ზაჰესის, ორთაჭალის, მინგეჩაურის. საქართველოს ტერიტორიაზე მტკვრის მთავარი შენაკადებია:
მდინარე მტკვარზე მდებარეობს საქართველოსა და აზერბაიჯანის ქალაქები: ბორჯომი, გორი, მცხეთა, თბილისი, რუსთავი, მინგეჩაური, ევლახი, საბირაბადი, ალი-ბაირამლი, სალიანი.