გიმნურა
ვიკიპედიიდან
გიმნურა (Echinosorex gymnurus), ძუძუმწოვარი ცხოველი ზღარბისებრთა ოჯახისა. აქვს 45 სმ-მდე სიგრძის სხეული, 20-21 სმ კუდი, წაგრძელებული დინგი, 44 კბილი. შავი, უხეში ბალნით დაფარული სხეული, მოთეთრო თავი და ყელი. გვხვდება ტაილანდში, სუმატრაზე და კალიმანტანის მთებში. ბინადრობს ხის ფესვებში. მრავლდება წლის ნებისმიერ დროს, ყრის 4-5 ნაშიერს. იკვებება მწერებით. კუდის ფუძესთან მოთავსებული 2 ჯირკვალი გამოყოფს ნივრისსუნიან სითხეს, რითაც გიმნურა იგერიებს მტაცებლებს და იზიდავს მოპირდაპირე სქესის ინდივიდს.