გიორგი II, იმერეთის მეფე
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "გიორგი II" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: გიორგი II |
გიორგი II, იმერეთის მეფე 1565-1585, ბაგრატ III-ის ძე. მეფობის პირველ წლებში, ოდიშისა და გურიის მთავართა გათიშვის მიზნით, გურიელს დაუმოყვრდა. ლევან I დადიანმა გიორგი II-ის ტახტიდან ჩამოგდება და მისი ბიძაშვილის ხოსრო ბატონიშვილის გამეფება განიზრახა. მეფის წინააღმდეგ დადიანს შეუკავშირდა. ჭილაძეთა საგვარეულოს მეთაური ვარაზ ჭილაძეც. 1565 იანეთთან მომხდარ ბრძოლაში გიორგი II-მ დაამარცხა დადიანი, მისი მომხრეები და საჯავახო დაიპყრო. მეფის გაძლიერების შიშმა დადიანი და გურიელი შეაკავშირა. მათ შეერთებული ძალით წაართვეს გიორგი II-ს საჯავახო და შუაზე გაიყვეს. ამ შინაფეოდალური ომის გარდა გიორგი II-ს ბრძოლა უხდებოდა ოსმალო დამპყრობლების წინააღმდეგაც. 1578 მან ლიხის მთის სიმაგრეებთან დაამარცხა და უკუაგდო ლალაფაშას მიერ იმერეთის დასალაშქრად გამოგზავნილი რაზმი.