გიში
ვიკიპედიიდან
გიში, წუქეთის საერისთავოს ცენტრი, ფეოდალურ საგვარეულოს - გიშელთა, იგივე გრიგოლისძეთა, რეზიდენცია. მდებარეობდა გიშის წყალზე (ახლანდელი მდინარე ქიშჩაი, აზერბაიჯანი). იქვე იყო საეპისკოპოსი კათედრალი. გიში პირველად XII საუკუნეში იხსენიება, თუმცა გაცილებით ძველი პუნქტი უნდა იყოს. ვარაუდობენ, რომ იგი "ეპისტოლეთა წიგნის" ქართულ საეპისკოპოსთა ნუსხებში (VI ს.) უნდა იხსენიებოდეს. "განგება დარბაზობისას" მიხედვით აღმოსავლეთ საქართველოს ეპისკოპოსთა შორის გიშელი რიგით 35-ე იყო. XVI საუკუნეში გიში ელისუს სასულთნოს შემადგენლობაში შევიდა.
გიშში შემორჩენილია X-XI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლი - შირიმის ქვით ნაშენი მცირე ზომის გუმბათიანი ეკლესია. გუმბათის ყელი მრგვალია, შესასვლელი, როგორც ჩანს, XIX საუკუნეშია განახლებული. გადაკეთებისა და შელესილობის მიუხედავად, შეინიშნება ძველი ეკლესიის კვალი (დეკორაციული ლილვები გუმბათქვეშა თაღებთან, შიგა გუმბათქვეშა კარნიზის თაროს ქვეშ და სხვა).