გრაკლა
ვიკიპედიიდან
გრაკალა (Spiraea), მცენარეთა გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. ჩვეულებრივ 1-1,5 მ სიმაღლის ბუჩქია. აქვს მორიგეობით განლაგებული დაკბილული ფოთლები, ქოლგისებრ ან ფარისებრ ყვავილედებში თავმოყრილი თეთრი ან ვარდისფერი ორ- ან ცალსქესიანი ყვავილები. ნაყოფი მრავალფოთლურაა. ცნობილი 100-მდე სახეობა. ხარობს ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. საქართველოში და მთელს კავკასიაში ველურად იზრდება 2 სახეობა - ჩვეულებრივი ანუ კრაზანაფოთოლა გრაკლა (Spiraea hypericifolia) და ხერხკბილა გრაკლა (Spiraea crenata). პირველი გავრცელებულია ნახევარუდაბნოს, ველისა და ტყის სარტყელში, ზოგან კი მაღალმთის ზონაშიც, სადაც გვხვდება მისი სუბალპური სახესხვაობა (var. subalpina). მეორე უფრო ქსეროფილურია და უმთავრესად სამხრეთ მთიანეთის მთის შუა სარტყლამდე იზრდება, ქმნიან ბუჩქნარებს - გრაკლიანებს. ტიპოლოგიურად საქართველოს გრაკლიანები უმეტესად მარცვლიან-ნაირბალახიანი ფიტოცენოზებია, მათი უკიდურესად ქსეროფილური ვარიანტები კი - მარცვლოვნიანი. ჩვენში გრაკლიანები ჩვეულებრივ გაჩეხილი ტყის ადგილას იზრდება და მეორეულ გრაკლიანებს წარმოადგენს. ბუნებრივ გრაკლიანებს გრუნტ-ნიადაგცვითი მნიშვნელობა აქვს. საქართველოში მოშენებულია გრაკლას 30-მდე უცხო სახეობა. მათგან უფრო ხშირია აღმოსავლეთ აზიური ტუნბერგის გრაკლა (Spiraea thunbergii), იაპონური გრაკლა (Spiraea japonica), ჰენრის გრაკლა (Spiraea henryi), კანტონური გრაკლა (Spiraea cantoniensis), ჩრდილოეთ ამერიკულ-ევრაზიული ტირიფფოთოლა გრაკლა (Spiraea salicifolia) და სხვა. გრაკლას ხანგრძლივი და უხვი ყვავილობის გამო ფართოდ იყენებენ დეკორატიული მებაღეობაში. რგავებ ცოცხალ ღობეებად და ბორდიურებად. ამრავლებენ თესლით, მწვანე და გამერქნებული კალმით, ფესვის ამონაყარით, გადაწვენით და ბუჩქის დაყოფით. მნიშვნელოვანი თაფლოვანი მცენარეა. გრაკლის ღეროებისაგან ძველად ისრის ტარებს თლიდნენ.