გრიგოლ დადიანი
ვიკიპედიიდან
გრიგოლ დადიანი (*1770 ― † 23 დეკემბერი, 1804), ოდიშის მთავარი 1788-1804 წლებში. 1879 წელს სოლომონ II-ს დაეხმარა იმერეთის სამეფო ტახტის დაუფლებაში. 1792 წელს გრიგოლ დადიანს დაუპირისპირდა სოლომონ II-ის ძმა მანუჩარი. მანუჩარმა სოლომონ II-ის დახმარებით გრიგოლ დადიანი ოდიშიდან გააძევა. აფხაზეთის მთავრისა და იმერეთის სამეფო ტახტის პრეტენდენტის დავით II-ის (დავით გიორგის ძის) დახმარებით გრიგოლ დადიანი რამდენჯერმე შეეცადა ოდიშის სამთავროს ტახტის დაბრუნებას, მაგრამ უშედეგოდ. 1796 წელს იგი ქართლ-კახეთის სამეფოში გადავიდა, შემდეგ ერეკლე II-ის დახმარებით სოლომონ II-ს შეუერთდა. ერთხანს მის კარზე ცხოვრობდა. შემდეგ დაიბრუნა ოდიშის სამთავრო და მანუჩარს საუფლისწულოდ სალიპარტიანო მისცა. რამდენიმე წლის შემდეგ გრიგოლ დადიანმა ისევ დაკარგა ტახტი, რომელიც საბოლოოდ 1802 დაიბრუნა.
ამ დროისათვის სოლომონ II-ს გადაწყევიტილი ჰქონდა ოდიშის სამთავროს გაუქმება. შევიწროებულმა გრიგოლ დადიანმა დახმარებისათვის მიმართა აფხაზეთის მთავარს, რომელსაც მძევლად მისცა ტახტის მემკვიდრე ლევანი. გრიგოლ დადიანმა დახმარება რუსეთის მთავრობასაც სთხოვა. 1803 წლის ივლისში მან რუსეთის იმპერატორის ერთგულების ფიცი დადო. იმავე წლის დეკემბერში ხელი მოაწერა მფარველობით ხელშეკრულებას, რომელიც ალექსანდრე I-მა 1804 წლის ივლისში დაამტკიცა. ოდიშის სამთავრო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა შეზღუდული ავტონომიის უფლებით.