გურია-ოსმალეთის შეთანხმება
ვიკიპედიიდან
გურია-ოსმალეთის შეთანხმება 1614, გურიის სამთავროსა და ოსმალეთს შორის 13 დეკემბერს დადებული ხელშეკრულება, ირან-ოსმალეთის საგარეო პოლიტიკური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესებით ისარგებლა გურიის მთავარმა მამია II გურიელმა და 1609 ოსმალები აჭარიდან განდევდა. გურიის სამთავრო ოსმალეთთან საომარ მდგომარეობაში აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ამ ომში გურიის მოკავშირედ ოდიშის სამთავრო გამოდიოდა. 1612 წელს ირანთან ზავის დადების შემდეგ ოსმალეთმა დასავლეთ საქართველოს სანაპიროს ბლოკადა მოაწყო და ამ მხარეში მარილისა და სხვა პროდუქტების ზღვიდან შეტანა შეწყვიტა, ამან გურიის და ოდიშის მთავრები აიძულა ოსმალეთთან შერიგებაზე ეზრუნათ. 1614 წლის აგვისტოს დაიწყო მოლაპარაკება ოსმალეთის ელჩ ომარ-ფაშასა და გურიელს შორის. 13 დეკემბერს ხელმოწერილი ხელშეკრულებით აღდგენილ იქნა ოსმალეთ-გურიის ომამდელი საზღვარი მდინარე ჭოროხზე, აჭარა კვლავ ოსმალეთმა დაიბრუნა და გურიელმა სულთნის სასარგებლოდ ყოველწლიური ხარკი იკისრა.