გურიის სამთავრო
ვიკიპედიიდან
გურიის სამთავრო, ფეოდალური სამთავრო დასავლეთ საქართველოში XV საუკუნის II ნახევრიდან IXI საუკუნის დასაწყისამდე, დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე. წარმოიქმნა საქართველოს სამეფოს დაშლის პერიოდში, ადრინდელი გურიის საერისთავოს ტერიტორიაზე, მოიცავდა ქობულეთ-ჩაქვის ქედს, შაც ზღვას, მდ. რიონის ქვემო წელსა და მდ. ჭოროხის შესართავს შორის მდებარე მხარეს. XV-XVII საუკუნეების გურიის სამთავროში ზოგჯერ აჭარა, ჭანეთის ჩრდილოეთი ნაწილი (გონიის მხარე) და მაჭახელიც შედიოდა. გურიის სამთავროს გურიელები განაგებდნენ. მათი ძირითადი რეზიდენცია იყო ოზურგეთი.
[რედაქტირება] ისტორია
გურიის სამთავროს პოლიტიკურ-სოციალური წყობა და ურთიერთობანი ძირითადად საქართველოს ბარის სხვა მხარეთა მსგავსი იყო. XV-XVI საუკუნეების მიჯნიდან გურიის სამთავროს ეკლესია, რომელიც XI საუკუნიდან ქუთათელის სამწყსოში შედიოდა, გურიელთაგან დასმულ მღვდელთმთავრებს დაექვემდებარა. გურიის სამთავროში სამი ეპარქია შედიოდა: შემოქმედის, ჯუმათისა და ხინოწმინდისა. საშემოქმედლო მოიცავდა ტერიტორიას მდ. სუფსასა და კინტრიშს შორის, საჯუმათლო - სუფსასა და რიონს შორის, ხოლო სახინწმინდლო - კინტრიშსა და ჭოროხს შორის. იყო რამოდენიმე მონასტერი (შემოქმედის, ჯუმათის, თეთროსნისა და სხვა), საწინამძღვრო და ორასზე მეტი ეკლესია, რომლებიც დიდი რაოდენობით ყმა-მამულს ფლობდნენ და სწავლა განათლებისა და კულტურის ცენტრებს წარმოადგენდნენ. 1533 ოდიშის მთავართან ერთად გურიელის ჯიქეთში მარცხიანი ლაშქრობის შემდეგ გურიის სამთავრო დროებით იმერეთის მეფეზე დამოკიდებული გახდა. როსტომ გურიელის (1534-1566) დროს გურიის სამთავროს შემოუერთდა აჭარა და ჭანეთი. XVI საუკუნეში გურიის ლაშქარი აქტიურად მონაწილეობდა ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლაში სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიაზე. ოსმალებმა მიიტაცეს გონიოს მხარე და გურიას უშუალოდ დაუმეზობლდნენ.
XVI საუკუნის II ნახევრიდან გურიის სამთავრო ოსმალების გავლენის სფეროში მოექცა, რაც განაპირობა სამხრეთ საქართველოში ოსმალთა გაბატონებამ. XVII საუკუნის დასაწყისში გურიის სამთავროს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურის ძლიერების ხანა იყო. მამია II გურიელმა გამოიყენა ხელსაყრელი პოლიტიკური ვითარება და 1609 აჭარიდან განდევნა ოსმალები, მაგრამ მათთან ომის გაგრძელება ვერ შეძლო, 1614 იძულებული გახდა აჭარა დაეთმო და ოსმალეთის სასარგებლოდ ხარკი ეკისრა (გურია-ოსმალეთის შეთანხმება 1614). ამ დროიდან გურიის სამთავრომ პოლიტიკური ურთიერთობა დაამყარა რუსეთის სახელმწიფოსთან, დონისა და ზაპოროჟიეს კაზაკებთან და პოლონეთთან. იგი აქტიურად მონაწილეობდა ქართლისა და კახეთის სამეფოთა ანტიირანულ ბრძოლაში. XVII საუკუნის II მეოთხედიდან გურიის სამთავრო დიდი ხნით მოექცა ოდიშის მთავრის გავლენის ქვეშ. XVII საუკუნის შუა წლებიდან მდგომარეობა გაართულა დასავლეთ საქართველოში გაჩაღებულმა შინაომებმა, რასაც მოჰყვა ტყვის სყიდვა. სხვა ქართველ გამგებლებთან ბრძოლის დროს გურიელები დახმარებისათვის ხშირად მიმართავდნენ ოსმალეთს. ასევე იქცეოდნენ დასავლეთ საქართველოს სხვა მეფე-მთავრები, რამაც დასავლეთ საქართველოში ოსმალეთის ბატონობის გაძლიერებას შეუწყო ხელი. მომდევნო ხანებში გურიის მთავრებმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს: გიორგი III გურიელი (1664-1684) და მამია III გურიელი (1689-1714) ზოგჯერ დადიანობასა და იმერეთში გამეფებასაც კი ახერხებდნენ. XVIII საუკუნის დასაწყისში გურიის მთავარი დადიანთან და იმერეთის გამგებელთან ერთად რუსეთის დახმარების იმედით ოსმალეთის წინააღმდეგ გამოვიდა. ამის საპასუხოდ ოსმალებმა 1703 დასავლეთ საქართველო მოარბიეს. გურიის სამთავრომ დაკარგა ბათუმისა და ჩაქვის მხარეები: 1723 გურიის ზღვისპირა ციხეებში ოსმალთა გარნიზონები ჩადგნენ. მამია IV გურიელი XVIII საუკუნის შუა წლებში ერეკლე II-ის დახმარებით ცდილობდა ოსმალთა განდევნას. იმერეთში სოლომონ I-ის გამეფების შემდეგ გურიის მთავარი აქტიურად მონაწილეობდა იმერეთის მეფის ანტიოსმალურ ღონისძიებაში. მამია IV-მ აკრძალა ტყვის სყიდვა, მოაწესრიგა ეკლესიის საქმეები და დაიწყო აშკარა ბრძოლა ოსმალეთის წინააღმდეგ.
გურიის სამთავრო აქტიურად მონაწილეობდა 1768-1774 რუსეთ-ოსმალეთის ომში. 1769 გურიაში ოსმალები შეიჭრნენ, მაგრამ მომდევნი წელს იმერეთისა და გურიის ლაშქარმა მხარე კვლავ გაათავისუფლა. 1771 იანვარში ლაშქარმა გაანადგურა ფოთის მიდამოებიდა უკანგაბრუნებული ოსმალთა დიდი რაზმი. ქუჩუკ-კაინარჯის ზავის (1774) შემდეგ ოსმალეთი თანდათან იპყრობდა გურიის სამთავროს მიწა-წყალს და მას ქობულეთის მხარე გამოგლიჯა. დაიწყო ქვემო გურიის გამაჰმადიანების პროცესი, რომელიც XIX საუკუნის 70-იან წლებამდე გაგრძელდა. ქვემო გურიის მოსახლეობის ნაწილი გურიის სხვა მხარეებში გადასახლდა. XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში გურია ოსმალთა ბოლომოუღებელი შემოსევების ასპარეზად იქცა. იმერეთის მეფე სოლომონ I-მა 1784 წლის მარტში სცადა ქვემო გურიიდან ოსმალების განდევნა, მაგრამ ნაჭიშკრევთან (ციხისძირთან) დამარცხდა. ამის შემდეგ ეს მხარე 1878-მდე ოსმალეთის ხელში იყო. შედარებით გაუმჯობესდა გურიის სამთავროს მდგომარეობა ქაიხოსრო ბატონიშვილის (გიორგი V-ის ვაჟი) რეგენტობის დროს. ქაიხისრომ აკრძალა ტყვის სყიდვა და გაატარა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ღონისძიებანი. საგარეო პოლიტიკაში ქაიხოსრო გეორგიევსკის ტრაქტატის საფუძველზე რუსეთთან კავშირის მომხრე იყო. 1804 რუსეთის მთავრობამ სცადა იმერეთის სამეფოსთან ერთად თავისი მფარველობა გურიის სამთავროზეც გაევრცელებინა, მაგრამ შედეგოდ.
1810 წლის 19 ივნისს მამია V გურიელმა რუსეთთან მფარველობითი ხელშეკრულება დადო. გურია რუსეთის იმპერიაში შევიდა როგორც ავტონომიური სამთავრო. ამის შემდეგ ოსმალთა შემოსევები შემცირდა, მაგრამ არ შეწყვეტილა. მამია V გურიელის დროს (1809-1826) გურიის სამთავროში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. გაუმჯობესდა მმართველობის სისტემა, გაიხსნა სკოლა ქ. ოზურგეთში, დაწესდა ყოველწლიური იარმარკა, მოწვეულ იქნენ ევროპელი მუსიკოსები და მსახიობები, მოწესრიგდა სალმწიფო კანცელარიის სამიანობა, ჩატარდა მნიშვნელოვანი სააღმშენებლო სამუშაოები, განვითარდა ვაჭრობა და შინამრეწველობა. 1819-1820 იმერეთისა და გურიის აჯანყების დროს რუსეთის სარდლობამ გურიაში ჯარი შეიყვანა და იმერელ აჯანყებულთა დამხმარე ქაიხოსრო ბატონიშვილის შეპყრობა სცადა. შემოქმედის ციხესთან მოკლეს რუსთა რაზმის უფროსი, პოლკოვნიკი პუზირევსკი. რუსთა დამსჯელმა რაზმა ქაიხოსროსა და მის მომხრეთა მამულები მოარბია. ქაიხოსრო ბატონიშვილი თავისი მომხრეებით ემიგრაციაში წავიდა. 1826 წლის 26 ოქტომბერს გარდაიცვალა მამია V გურიელი. რუსეთის სარდლობის მოთხოვნით გურიის გამგებლობა დაევალა სამმართლო საბჭოს, რომელსაც დედოფალი სოფიო თავმჯდომარეობდა. რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 ომის დროს გურია ომის ასპარეზად იქცა. სოფიომ სცადა ეს ვითარება თავისი ხელისუფლების გასაძლიერებლად გამოეყენებინა, მაგრამ მოსახლეობის მხარდაჭერა ვერ ჰპოვა. გურიაში რუსეთის ჯარი შევიდა და 1828 წლის მიწურულს გურიის სამთავრო რუსეთის იმპერიას შეუერთდა. დედოფალი სოფიო შვილებით ემიგრაციაში წავიდა. რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 ომში გურიის მოსახლეობა აქტიურად იბრძოდა ოსმალეთის წინააღმდეგ. 1829-1840 წლებში გურიას განაგებდა დროებითი მმართველობა, რომელშიც შედიოდნენ გურიის თავადები რუსი ოფიცრის თავმჯდომარეობით. 1840 წელს გურიის დროებითი მმართველობა გაუქმდა და გურია ოზურგეთის მაზრის სახით ქუთაისის გუბერნიაში შევიდა.
[რედაქტირება] წყარო
ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგნ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973