დავით X
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს " დავით" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: დავით |
დავით X ( † 1526), ქართლის მეფე 1505-1525, კონსტანტინე II-ის ძე.
მის მეფობაში საქართველოს მეფე-მთავრებს შორის შინაფეოდალური ბრძოლა გრძელდებოდა, 1509 აგვისტოში იმერეთის მეფემ ალექსანდრე II-მ დაიპყრო ქ. გორი და ქართლის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი, რომელიც დავით X-მ 1510 დაიბრუნა. დავით X-ს ებრძოდა და ქართლს არბევდა კახეთის მეფე გიორგი II (ავგიორგი). 1513, როცა ბაგრატ მუხრანბატონმა გიორგი II შეიპყრო, დავით X-მ კახეთი დაიპყრო, მაგრამ მეფის მემკვიდრე მცირეწლოვანი ლევანი მისმა მომხრე თავადებმა დამალეს. 1518 ქართლს ირანელები შემოესიენ შაჰ-ისმაილ I-ის მეთაურობით. დავით X-მ შაჰს მორჩილება აღუთქვა და ყოველწლიურად 300 საპალნე აბრეშუმის გადახდა იკისრა. კახეთის თავადებმა უფლისწული ლევანი მეფედ დასვეს. დავით X-მ კვლავ დაიპყრო კახეთი. ლევანი მაღნარის ციხეში გამაგრდა. დავით X-მ ალყა შემოარტყა ციხეს, მაგრამ ქართლში ოსმალთა რაზმის შემოსევის გამო იძულებული გახდა ალყა მოეხსნა და ქართლში დაბრუნებულიყო. ოსმალების განდევნის შემდეგ ლევანმა გაიმარჯვა. დავით X-მ ლევანი კახეთის მეფედ ცნო და მასთან მტრის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის კავშირი დადო. 1522 დავით X ისმაილ I-ის წინააღმდეგ თელეთის ბრძოლაში დამარცხდა. თბილისის ციხეში ყიზილბაშები ჩადგნენ. 1524, ისმაილ I-ის გარდაცვალების შემდეგ, დავით X-მ თბილისი აიღო და ქართლის საზღვრებში შემოსახლებული თურქმანები განდევნა. 1525 ტახტი თავის ძმას - გიორგის გადასცა, თავად ბერად აღიკვეცა დამიანეს სახელით.