დემეტრე I
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "დემეტრე" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: დემეტრე |
დემეტრე I, საქართველოს მეფე 1125-1156, დავით აღმაშენებლის მემკვიდრე. მამის სიცოცხლეშივე აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფოს მართვა-გამგეობაში. დიდგორისა და შირვანის ბრძოლებში ქართველთა ლაშქრის გამარჯვების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. დავით აღმაშენებლის გარდაცვალების შემდეგ იძულებული გახდა ანისი ყმადნაფიცობის პირობით თურქებისათვის დაეთმო. 1138 დემეტრე I-ის სარდლობით ქართველებმა განძა აიღეს და გამარჯვების ნიშნად ქალაქის კარი საქართველოში მოიტანეს (დაცულია გელათში), მაგრამ დემეტრე I-მა ვერ შეძლო განძის შენარჩუნება და ქალაქი დიდხანს დარჩა მაჰმადიანთა საყრდენ პუნქტად საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში.
1130 დემეტრე I-ის უფროსმა შვილმა დავითმა იმის შიშით, რომ დემეტრე I-ს უმცროსი შვილი გიორგი არ გაემეფებინა, შეთქმულება მოაწყო მეფის წინააღმდეგ. მეფემ შეიპყრო შეთქმულების მოთავეები დავით დემეტრეს ძე და იოანე აბულეთისძე. შემდგომში (სომეხი მემატიანის ვარდანის ცნობით 1132, ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანის ცნობით 1145) დემეტრე I-მა ივანე აბულეთისძე მოაკვლევინა, ხოლო მისი შვილი თირქაში (ქირქიში) საპყრობილეში დაამწყვდია. 1154 (1155) დავითმა კვლავ მოაწყო შეთქმულება, თავისი ერთგული და მეფის მოწინააღმდეგე დიდებულების შემწეობით დემეტრე I იძულებით ბერად შეაყენა და სამეფო ტახტი თვითონ დაიკავა. დავითის გარდაცვალების შემდეგ (იგი მხოლოდ 6 თვეს მეფობდა) დემეტრე I-მა ბერობიდან გადადგა და ტახტი დაიბრუნა. თანაც შეამზადა პირობები მისი უმცროსი ძის გასამეფებლად ("აღამაღლა, თავისი თანა და ძისა სწორად მოსაყდრედ გამოაჩინა"). მწვავე შინაკლასობრივი ბრძოლების გამო დემეტრე I-ის მეფობის დროს საქართველოს პოლიტიკური ზრდა ერთგვარად შეფერხდა.
საყურადღებოა დემეტრე I-ის პოეტური შემოქმედება. ჩვენამდე მოაღწია მისმა რამდენიმე იამბიკომ. განსაკუთრებით გამოირჩევა ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი იამბიკოები. დემეტრე I-ის თხზულებათა პოეტური სახეები ქრისტიანულ სიმბოლიკაზეა დაფუძნებული, ზოგ მათგანს რითმაც ეტყობა. მისი "შენ ხარ ვენახი" დღესაც ცოცხალი პოეტური საგალობელია.
წინამორბედი: დავით IV |
საქართველოს მეფე 1125 - 1156 |
შემდეგი: დავით V |
ერთიანი საქართველოს მეფეები | |
ბაგრატ III | გიორგი I | ბაგრატ IV | გიორგი II | დავით IV | დემეტრე I | დავით V | გიორგი III | თამარი | გიორგი IV | რუსუდანი | დავით VI / დავით VII | დემეტრე II | ვახტანგ II | დავით VIII | ვახტანგ III | გიორგი VI | გიორგი V | დავით IX | ბაგრატ V | გიორგი VII | კონსტანტინე I | ალექსანდრე I | ვახტანგ IV | გიორგი VIII |