კამბეჩოვანი
ვიკიპედიიდან
კამბეჩოვანი, კამბეჩანი, კამბეჩიანი (სახელწოდება წარმოდგება კამეჩ-კამბეჩისაგან), მხარე შუა საუკუნეების საქართველოში, კახეთში, მოიცავდა ტერიტორიას მდ. ალაზნის ქვემოწელსა და მდ. მტკვარს შორის. ცენტრი ხორნაბუჯი, ანტიკურ წყაროებში მოხსენებულია სტრაბონთან (ძვ. წ. I - ახ. წ. I სს.) როგორც კამბისენე. ვარაუდობენ, რომ უძველეს ხანაში კამბეჩოვანი ალბანურ ტომთა კავშირის გაერთიანებაში შედიოდა. აქ ერთმანეთს ემიჯნებოდნენ იბერიელები (აღმოსავლეთ ქართველები), ალბანელები და სომხები. კამბეჩოვანის გამო ხშირად ეცილებოდნენ ერთმანეთს იბერიისა და ალბანეთის სახელმწიფოები. V საუკუნის ბოლოდან, მას შემდეგ, რაც აქ მეფე ვახტანგ გორგასალმა ხორნაბუჯის საეპისკოპოსო დააარსა, კამბეჩოვანი მკვიდრად შევიდა ქართული კულტურული და პოლიტიკური გავლენის სფეროში. VI საუკუნეში, ქართლში მეფობის გაუქმების შემდეგ, კამბეჩოვანი სპარსელთა მოხელეს ემორჩილებოდა. VII საუკუნის შუა წლებიდან აქ არაბები ბატონობდნენ. VIII საუკუნის II ნახევრიდან კამბეჩოვანი ჰერეთის სამთავროს შემადგენელი ნაწილი იყო. XI საუკუნის დასაწყისში, კახეთისა და ჰერეთის გაერთიანების შემდეგ, კახეთის სამეფოს საერისთავო გახდა. XII საუკუნეში გაერთიანებულ საქართველოს სახელმწიფოში კამბეჩოვანი ერთ-ერთი სანაპირო საერისთავოა. XIII საუკუნის დასაწყისში იგი რამდენიმეჯერ ააოხრეს ხვარაზმელებმა, შემდეგ - მონღოლებმა. XV საუკუნის ბოლოდან ისტორიულ კამბეჩოვანი ქიზიყად იწოდება.