ნასრა
ვიკიპედიიდან
ნასრა († 888), ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა წარმონადგენელი IX საუკუნის 70-80-იან წლებში, გვარამ (გუარამ) მამფალის ძე. აფხაზთა მეფესთან ერთად იბრძოდა შიდა ქართლის დასაპყრობად, სომეთა მეფისა და მისი მოკავშირის დავით I კურაპალატის წინააღმდეგ. 881 ნასრამ ვერაგულად მოკლა დავით კურაპალატი, რის გამოც ის სამშობლოდან განდევნეს. ნასრა 7 წელი ბიზანტიაში ცხოვრობდა.
როცა დასავლეთ საქართველოში ბაგრატ დემეტრეს ძე გამეფდა, მან ნასრა (რომელიც მისი ცოლისძმა იყო) ბიზანტიიდან წამოიყვანა და დიდი ლაშქარი მიაშველა ტაო-კლარჯეთის სხვა მფლობელების წინააღმდეგ. ნასრამ შეძლო ოძრხის, ჯუარისციხისა და ლომსიანთას ციხეების აღება, მაგრამ შემდეგ დამარცხდა ადარნასესა (დავით კურაპალატის ძე) და მის მოკავშირეებთან ბრძოლაში. ნასრა მოკლეს ასპინძასთან, მისი მემკვიდრეობა გამარჯვებულებმა გაინაწილეს.