ორბელიანი, სულხან-საბა
ვიკიპედიიდან
ორბელიანი, სულხან-საბა (* 4 ნოემბერი, 1658 (ტანძია) ― † 26 იანვარი, 1725 (მოსკოვი), ქართველი მთავარი, ბერი, საერო და აპოლოგეტური მწერალი და პოლიტიკოსი. იყო სამეფო ოჯახს დაახლოვებული პირი და გიორგი XI-ის მომხრე ერეკლე I-ის წინააღმდეგ. თავად სულხან-საბას აღზრდაში გიორგი XI-ს შეუტანია წვლილი, რომელიც მისი მამიდაშვილია. ამ მეფის თანამოაზრე რჩება საბა მთელი ცხოვრება, განსაკუთრებით რაც შეეხება დაუფარავ დასავლურ ორიენტაციას და კათოლიციზმთან დაახლოებას.
1698 წლიდან სულხან-საბა ხდება ბერი დავით-გარეჯაში. მანამდე კი, 1692 წელს ხდება კათოლიკე და ამის გამო მისი აპოლოგეტური მწერლობა ემსახურება კათოლიკე ქრისტიანობის გავრცელებას საქართველოში. განიცდიდა დევნასა და შევიწროებას ქართული მართლმადიდებლური წრეების მხრიდან. თავდაპირველი ფარული აღმსარებლობის შემდეგ საქვეყნოდ აღიარებს კათოლიკურობას 1702 წლიდან. ამ პერიოდიდან საბას იხსენიებენ როგორც ქართული კათოლიკური წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვრად.
1703 წლიდან ქართლში მეფდება მისი აღზრდილი და თანამოაზრე ვახტანგ VI. ორივენი ცდილობენ მიაღწიონ პოლიტიკურ და რელიგიურ ალიანსს დასავლეთის განმანათლებლურ-აბსოლუტისტურ მონარქიებთან, პირველ რიგში კი საფრანგეთთან. ამ მიზნების მისაღწევად ჩადის სულხან-საბა პაპ კლიმენტი XI-სა და საფრანგეთის მეფე ლუი XIV-თან 1713-1714 წლებში. მართალია უკან დაბრუნებული აგრძელებს აპოლოგეტურ მოღვაწეობას, მაგრამ ძლიერ ავიწროებენ, ვინაიდან ვახტანგის პოზიციებიც უკვე შესუსტებული იყო. საბოლოოდ იძულებულია სულხან-საბა იგივე ვახტანგ VI-თან ერთად დატოვოს ქვეყანა 1724 წელს რუსეთის მიმართულებით.
გარდა ჩამოთვლილი მოღვაწეობებისა სულხან-საბა ორბელიანი ითვლება ახალი ქართული ენობრიობისა და ლიტერატურის განმაახლებლად. ამ კუთხით განსაკუთრებით გამოირჩევა მისი ქართული ლექსიკონი, რომელიც ნაწილობრივ ენციკლოპედიურ ხასიათს ატარებს.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
სულხან-საბა ორბელიანის "სიბრძნე სიცრუისა" და "მოგზაურობა ევროპაში"