აბუსერისძე, ტბელი
ვიკიპედიიდან
ტბელი აბუსერისძე (* დაახლოებით 1190 ― † 1240), ქართველი მწერალი და ასტრონომი. ხიხათა (აჭარის) ერისთავთერისთავის ივანეს შვილი. ავტორი რელიგიურ-ისტორიული თხზულებისა "სასწაულნი წმიდისა... გიორგისნი და ანდერძნი... მთქუმელისაჲ" და ვრცელი ქრონოლოგიურ-ასტრონომიული ტრაქტატისა "ქორონიკონი სრული მისითა საუწყებელითა". მასვე უნდა ეკუთვნოდეს "გალობანი სამთა იოანეთა". რელიგიურ-ისტორიული თხზულება აღწერს აჭარელი გლეხის, ხელობით კალატოზის, ბოლოკჯ-ბასილის სამშენებლო საქმიანობას შუარტყალში. შეიცავს აბუსერისძეთა საგვარეულო მატიანეს, აგრეთვე იმდროინდელი ყოფა-ცხოვრებისა და ზნე-ჩვეულებების მნიშვნელოვან ცნობებს, მდიდარია კონკრეტული ისტორიული ხასიათის მონაცემებითაც. ქრონოლოგიურ-ასტრონომიული ტრაქტატი ვრცელი საკალენდრო ცნობარია, რომელშიც განხიხულია წელთაღრიცხვის სხვადასხვა სისტემის ღირსება-ნაკლოვანებანი და მოცემულია საეკლესიო დღესასწაულთა და მთვარის ამოსვლა-ჩასვლის მზა ცხრილები.