ანჯაფარიძე, ზურაბ
ვიკიპედიიდან
ზურაბ ივანეს ძე ანჯაფარიძე (* 12 აპრილი, 1928, ქ. ქუთაისი), ქართველი მომღერალი (დრამატული ტენორი), სსრკ სახალხო არტისტი (1966), ზ. ფალიაშვილის პრემიის ლაურეატი (1971).
დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (პროფ. დ. ანდღულაძის კლასი, 1952). 1952-1959 წლებში ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის, 1959-1970 წლებში - სსრკ დიდი თეატრის სოლისტია. 1970-იდან კვლავ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს უბრუნდება. სასიამოვნო ტემბრის ხმა, უშუალობა, არტისტიზმი, ეროვნული ინტონაციის უტყუარი გრძნობა ანჯაფარიძეს ქართული ვოკალური სკოლის ტრადიციების საუკეთესო გამგრძელებელთა რიგებში აყენებს. პარტიები: აბესალომი, მალხაზი, რატი (ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", "დაისი", "ლატავრა"), მინდია (ო. თაქთაწიშვილის "მინდია"), ბაში-აჩუკი (კერესელიძის "ბაში-აჩუკი"), პუშკინი და ერისთავი (თორაძის "ჩრდილოეთის პატარძალი"), არსენა (ბუკიას "არსენა"), გერმანი, ვოდემონი (ცაიკოვსკის "პიკი ქალი", "იოლანტა"), ოტრეპიევი (მუსორგსკის "ბორის გოდუნოვი"), ხოზე (ბიზეს "კარმენი"), რადამესი, დონ-კარლოსი, ჰერცოგი (ვერდის "აიდა", "დონ-კარლოსი", "რიგოლეტო"), კავარადოსი (პუჩინის "ტოსკა"), ფაუსტი (გუნოს "ფაუსტი") და სხვა. ანჯაფარიძეს უმღერია სსრკავშირის მრავალი საოპერო თეატრის სცენაზე და საზღვარგარეთის ქვეყნებშიც (რუმინეთი, ჩეხოსლოვაკია, ბულგარეთი, კანადა, საბერძნეთი, საფრანგეთი, იტალია და სხვა). გაახმოვანა გერმანისა და ვოდემონის პარტიები კინოფილმებში "პიკის ქალი" და "იოლანტა".