ბადრიძე, გიორგი
ვიკიპედიიდან
ბადრიძე, გიორგი ივანეს ძე (* 16 მარტი, 1869, ქუთაისი ― † 1 სექტემბერი, 1938, იქვე), ქართველი პედიატრი და საზოგადო მოღვაწე. 1894 დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1894-1896 მოსკოვის შინაგან სნეულებათა კლინიკის ორდინატორი იყო, 1896-1898 მუშაობდა თბილისის მიხეილის (ახლანდელი ქალაქის V) საავადმყოფოს თერაპიულ განყოფილებაში, ხოლო 1898-1906 - ქ. ნახიჩევანში ექიმად. 1906-იდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ქუთაისში. მისი თაოსნობით დასაცლეთ საქართველოში გაიხსნა ბავშვთა სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებები და თავშესაფრები. ქართულ ჟურნალ-გაზეთებში ("მოამბე", "განთიადი", "ივერია", "დროება" და სხვა) აქვეყნებდა სამეცნიერო-პოპულარულ სტატიებს მედიცინის ისტორიის, ჰიგიენის, ფილოსოფიის და სხვა საკითხებზე. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. იყო ქუთაისის სამედიცინო საზოგადოების წევრი.