ბალანჩივაძე, ანდრია
ვიკიპედიიდან
ანდრია მელიტონის ძე ბალანჩივაძე (* 19 მაისი/1 ივნისი, 1906, პეტერბურგი ― † 28 აპრილი, 1992, თბილისი), ქართველი კომპოზიტორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. საქართველის (1957) და სსრკ (1968) სახალხო არტისტი. ახალი ქართული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელი. მელიტონ ბალანჩივაძის შვილი.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
[რედაქტირება] განათლება
ანდრიამ მუსიკის სწავლა დაიწყო პეტერბურგში, 1918 კი - განაგრძო ქუთაისში, მამამისის მიერ დაარსებულ სამუსიკო სასწავლებელში. 1927 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ფორტეპიანოსა (ი. აისბერგის კლასი) და კომპოზიციის (მ. იპოლიტოვ-ივანოვის კლასი) განხრით. 1927-1931 მიავლინეს ლენინგრადის კონსერვატორიაში, სადაც სწავლა განაგრძო პროფესორ ა. ჟიტომირსკისა (კომპოზიცია) და მ. იუდინის (ფორტეპიანო) ხელმძღვანელობით.
[რედაქტირება] შემოქმედება
ბალანჩივაძე ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში გამოვიდა სამოღვაწეო ასპარეზზე. 1925-1927 მუშაობდა სამუსიკო ნაწილის გამგეგ თბილისის მუშა-ახალგაზრდობის თეატრში, 1931-1933 - კ.მარჯანიშვილის დაარსებულ (ახლანდელი მარჯანიშვილის სახელობის) თეატრში, 1935-1937 - მუსიკალურ მუშფაკში. 1937-იდან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში პედაგოგი იყო, ხელმძღვანელობდა საკომპოზიციო კლასს (1940-იდან პროფესორი). მისი მოწაფეები არიან რ. ლაღიძე, ა. ჩიმაკაძე, ა. შავერზაშვილი, შ. მილორავა, ბ. კვერნაძე, ო. თევდორაძე, მ. დავითაშვილი, გ. ციციშვილი, ნ. სვანიძე და სხვ.
1941-1949 იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის დაარსებიდან (1932) - მისი გამგეობის წევრი და შემოქმედებითი და საოპერო-სიმფონიური სექციების თავმჯდომარე, 1953-1961 და 1968-1973 - გამგეობის თავმჯდომარე, 1973-1979 - საპატიო თავმჯდომარე. 1957-1991 იყო ყოფილი სსრკ კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის წევრი.
ბალანჩივაძის დამსახურებაა ქართული მუსიკის არაერთი ჟანრის ფორმირება. იგი ავტორია პირველი ქართული ბალეტისა "მზეჭაბუკი", რომლის პრემიერა გაიმართა 1936 თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე (ქორეოგრაფიის ავტორი - ვ. ჭაბუკიანი, დირიჟორი - ე. მიქელაძე). ბალეტის საბოლოო რედაქცია "მთების გულის " სახელწოდებით პირველად ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასმა წარმოადგინა 1938 წელს. "მთების გული" დაიდგა აგრეთვე კიევში, ხარკოვში, დნეპროპეტროვსკში, სარატოვში, აშხაბადში, ქუთაისში და აღიარებულ იქნა მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ხელოვნების ნოვატორულ, საეტაპო ნაწარმოებად, რომლის საფუძველი ეროვნული ხალხური ცეკვისა და კლასიკური ქორეოგრაფიის სინთეზია.
ბალანჩივაძეს ეკუთვნის კიდევ ორი ბალეტი: "ცხოვრების ფურცლები" (დაიდგა მოსკოვის დიდ თეატრში 1961, ქორეოგრაფი - ლ. ლავროვსკი) და "მწირი" ( მ. ლერმონტოვის პოემის მიხედვით, დაიდგა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 1964, ქორეოგრაფი - რ. წულუკიძე); აგრეთვე ლირიკულ-კომიკური ოპერები "მზია" (დაიდგა 1949) და "ოქროს ქორწილი" (1970, ორივე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში).
ბალანჩივაძე ქართული სიმფონიური და საფორტეპიანო მუსიკის ჟანრის ერთ-ერთი ფუძემდებელია. ნოვატორულ მოვლენად იქნა აღიარებული მისი პირველი სიმფონია (1944; სსრკ სახელმწიფო პრემია 1946), რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია ეროვნულ სიმფონიური აზროვნების განვითარებას. სიმფონიის ორიგინალურ და მასშტაბურ აღნაგობაში ეროვნულ-ხალხური საწყისები ოსტატურად არის შერწყმული კლასიკურ და თანამედროვე სიმფონიურ ფორმებთან. ამავე ნიშნებითაა აღბეჭდილი ბალანჩივაძის სხვა სიმფონიებიც (II - 1959, III - 1979, IV - 1984). ბალანჩივაძის ოთხი საფორტეპიანო კონცერტიდან (I - 1936; II - 1946, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1947; III - სიმებიანი ორკესტრის თანხლებით, 1952; IV - 1967; შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, 1969) განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს III, რომელიც ბავშვთა სამყაროს ასახავს და ნორჩი შემსრულებლებისთვისაა განკუთვნილი.
აღსანიშნავია აგრეთვე ბალანჩივაძის სიმფონიური სურათები "რიწის ტბა" (1941), "კრწანისის ბრძოლა" (1943), "დნეპრი" (1954), "ზღვა" (1955), სიმებიანი კვარტეტი (1987); მრავალი საფორტეპიანო პიესა, მ.შ. "ნოქტიურნი", "სამაია", "ფრესკა", "რაფსოდია", "რომანტიკული ციკლი", "სონატა" და სხვა; რომანსები, სიმღერები, საგუნდო ნაწარმოებები. დაწერილი აქვს მუსიკა 30-ზე მეტი სპექტაკლისათვის: "ოლეკო დუნჩინი" (1942), "კრწანისის გმირები" (1943), "სირანო დე ბერჟერაკი" (1944), "მეფე ლირი" (1948), "პირველი ნაბიჯი" (1948) - შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში - "არსენას ლექსი", "სამი ბღენძი", "ანათეთ, ვარსკვლავნო" (სამივე 1931), "შორეული" (1936), "ხეები ზეზეურად კვდებიან" (1956), "კეისარი და კლეოპატრა" (1960), აგრეთვე ქუთაისის, თელავის, ერევნის თეატრების აპექტაკლებისა და კინოფილმებისათვის ("არშაულა", პირველი ქართული ხმოვანი ფილმი (1935), "დაკარგული სამოთხე" (1937), "სამშობლო"(1939), "გიორგი სააკაძე" (1942-1943), "დავით გურამიშვილი" (1946), "მწვერვალთა დამპყრობნი" (1951), "ისინი ჩამოვიდნენ მთიდან" (1954), "მამლუქი" (1958) და სხვა). სოციალისტური შრომის გმირი (1986), საქართველოს სსრ I - IV მოწვევების უმაღლესი საბჭოსა და სსრკ VIII მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.