ბალანჩივაძე, ვასილ
ვიკიპედიიდან
ვასილ ანტონის ძე ბალანჩივაძე(12 აპრილი, 24 აპრილი, 1867, სოფ. ბანოჯა, ახლანდელი წყალტუბოს ზონა ― † 18 მაისი, 1951, თბილისი), ქართველი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1950). მ. ბალანჩივაძის ძმა. სცენაზე პირველად გამოვიდა 1887 თბილისში ვ. აბაშიძის ხელმძღვანელობით. 1887 -1890 სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში. 1890-1891 იყო თბილისის ქართული თეატრის, 1891-1894 - ქუთაისის თეატრის მსახიობი (1921-იდან ხელმძღვანელი), 1924-1929 - თბილისის სანკულტურის თეატრის მთავარი რეჟისორი და მსახიობი, 1929-1935 - თბილისის ცეკავშირის მოძრავი და პერიფერიის თეატრების მსახიობი. გამოირჩეოდა სცენურობით, გარდასახვის ნიჭით, შესანიშნავი ხმით. უპირატესად ასრულებდა სახასიათო და კომედიურ როლებს: ბობჩინსკი ( ნ. გოგოლის "რევიზორი"), ბესო ( ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ბენ აკიბა ( კ.გუცკოვის "ურიელ ა კოსტა"), ოტია ჯოლია ( ვ. გუნიას "და-ძმა"), იაგო ( უ. შექსპირის "ოტელო"), გელა ( ა. წერეთლის "პატარა კახი" ); მისი შემოქმედების გვირგვინი იყო ფილიპე ბარბაქაძე და დარისპან ქარსიძე ( დ.კლდიაშვილის "ირინეს ბედნიერება" და "დარისპანის გასაჭირი"), 1935-1942 "სახკინმრეწვის" მსახიობი იყო. გადაღებულია ფილმებში: "დაკარგული სამოთხე" (ბაბუა ანტონი), "ქალი გაღმიდან" (ოსმანია), "ქალი მწვანეში" (სარდიონი) და სხვა. ბალანჩივაძე ქართული ესტრადის მსახიობი, ერთდროულად საესტრადო-იუმორისტული სცენების ("იმერული სცენები") ავტორიც იყო და შემსრულებელიც. მასვე ეკუთვნის პიესები: "1905", "გლეხი ივლიანე გობეჩია", "აჭარელი ქალი ფატიმა", "მზის სხივები", "დაუდევრობის მსხვერპლი" და სხვა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.