ბორჯღალა
ვიკიპედიიდან
ბორჯღალა - ჯვრის ნაირსახეობა, სვასტიკის მრგვალმკლავა ვარიანტი. ერთ-ერთი ყველაზე ძველი და გავრცელებული ორნამენტული სიმბოლოა მთელ მსოფლიოში. გვხვდება უძველესი კულტურის კერებში: შუამდინარეთი, ირანი, ინდოეთი, კავკასიაში. მათგან უძველესი კავკასიური ნიმუშებია (მტკვარ-არაქსის კულტურა, აგრეთვე შუმერული, ინდო და ირანულ-არიული, თრიალეთის კულტურა, ელამი და სხვა).
სექციების სია |
[რედაქტირება] ეტიმოლოგია
”ბორჯ” ძველ ქართულად იგივეა, რაც - ”ბურჯი”, ”ფესვი”, ხოლო ”ღალა” ნიშნავს - ”მოსავალს,” ”გამოსავალს”, ”ბარაქას”. მაშასადამე ბორჯღალა არის სიტყვა-კომპოზიტი და ნიშნავს - ბურჯის (ბორჯი), იგივე ფესვის - გამოსავალს, ”წმინდა ნაყოფს”, ბარაქას. ამასთანავე ”ბორჯღლი” ეწოდება ირმის რქასა და ხის ისეთ მსხვილ ტოტს, რომელიც მდიდარია შედარებით წვრილი ტოტებით. ირმის რქა ოდითგანვე მიიჩნეოდა სიცოცხლის ხის სიმბოლოდ, ხოლო მისი ცვლა ქართულ მითოლოგიაში უკვდავების მინიშნება იყო.
სვასტიკის მსგავსად, ბორჯღალა კოსმიური ენერგიის, კეთილდღეობის, ნაყოფიერების სიმბოლოა, ის არის მზის ნიშანი, ღვთაებრივი ბორბალის სიმბოლო. მისი წრიულად მოძრავი სხივები სიმბოლურად განასახიერებენ ”მოძრაობის მარადისობას”, უკვდავებას, ძალაუფლებას.
[რედაქტირება] ბორჯღალა საქართველოში
ბორჯღალა საქართველოს ტერიტორიაზე ოდითგანვე წმინდა ჩუქურთმად ითვლებოდა და ერთ-ერთი ყველაზე საკრალური ლოგოგრამა იყო. მას აქტიურად იყენებდნენ ძველი სახლების, კერების და დარბაზების მოჩუქურთმების დროს. იგია უმთავრესი და ცენტრალური სიმბოლო დედაბოძის ხატოვანი დამწერლობისა, რომლის ნიშნებს ქართული არქიტექტურა მტკვარ-არაქსის კულტურიდან იცნობს. გარდა ამისა, ბორჯღალას ორნამენტს ხშირად შევხვდებით ძველი ქართული სახლების აივნებზე, კარიბჭეზე, შრომისა და საბრძოლო იარაღებზე. ბორჯღალას უკავშირებდნენ მზეს, ბორბალს.
[რედაქტირება] ქართული 7 სხივიანი ბორჯღალო
ბორჯღალა განსხვავდება ქიმთა რაოდენობით, საქართველოში ყველაზე გავრცელებული 7 ქიმიანი ბორჯღალა იყო, რომელის სიმბოლურად განასახიერებდა კოსმოსს და წარმართული ქართული პანთეონში არსებული შვიდი წმინდა მნათობის ხატოვანი ნიმუში იყო. კონცენტრაციის ცენტრი, ანუ ”ბურჯი”, საიდანაც თითოეული ”ღალა” (მნათობი) გამოედინება, ღმერთის სავანეს სიმბოლოდ მიიჩნეოდა, ვინც იმთავითვე ყოველივე ხილულისა და უხილავის შემოქმედად მიიჩნეოდა.
7 წმინდა მნათობის ქართული სახელებია:
- მთოვარე (იგივე ყამარ) - მთვარე
- ჯუმა (იტივე ერმი და ოტარდი) - მერკური
- მთიები (იგივე ცა და ცისკარი) - ვენერა, აფროდიტე, იშტარი
- მარიხი (იგივე არიან, თახა) - მარსი
- დია (იგივე მუშთარი) - იუპიტერი
- ზუალი - სატურნი
- მზე იგივე არდი - ჰელიო
[რედაქტირება] გამოყენებული ლიტერატურა
- ივ. ჯავახიშვილი ”ქართველი ერის ისტორია” ტომი I თბ., 1960
- კახა ხიმშიაშვილი ”საქართველოს ხუროთმოძღვრება ანტიკურ პერიოდამდე” თბ., 1996
- რატი იონათამიშვილი ”ბორჯღალასა და სვასტიკის გენეზისისთვის” თბ., 2006
- სულხან-საბა ორბელიანი ”სიტყვის კონა” თბ., 1993
- ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი თბ., 1986
- T. Wilson "The swastika, the earlist known symbol and its migrations" Wosh. 1990
- Тресиддер Джек, «Словарь символов» М. 1992