ბრუტალიზმი
ვიკიპედიიდან
ბრუტალიზმი — არქიტექტურული სტილი, რომელიც მოდერნისტულ მიმდინარეობას გამოეყო და 1950-70-იან წლებში გავრცელდა. ადრეული ბრუტალიზმი აღმაფრენას შვეიცარიელი არქიტექტორი ლე კორბუზიეს ნამუშევრებისგან იღებს (კერძოდ მისი Unité d'Habitation შენობისგან) და ლუდვიგ მის ვან დერ როესგან. ტერმინი მომდინარეობს ფრანგული გამოთქმისგან béton brut (უმი ბეტონი), ტერმინი რომლითაც ლე კორბუზიე აღწერდა მის მიერ არჩეულ მასალას. ბრიტანელმა არქიტექტურულმა კრიტიკოსმა რეინერ ბენჰემმა ეს ტერმინი "ბრუტალიზმად" გადააკეთა (თავდაპირველად "ახალი ბრუტალიზმი"), რათა ამომავალი სტილი განესაზღვრა.
ბრუტალისტური შენობებისთვის, როგორც წესი, დამახასიათებელია განმეორებადი კუთხური გეომეტრიები, რომელთა ზედაპირზე განგებ დატოვებულია ხის ყალიბების უხეში ტექსტურა, რომელშიც ბეტონი იყო ჩასხმული. თუმცა ყველა ბრუტალისტური შენობა ბეტონით არ იქმნება. შენობამ ბრუტალისტური ეფექტი შეიძლება მიიღოს მისი სტრუქტურული მასალის და ექსტერიერის ფორმისა და ფასადის მოუხეშავი, ერთი შეხედვით დაუმთავრებელი იერით. ელისონ და პიტერ სმითსონების კერძო სახლები ძირითადად აგურით არის ნაგები, ხოლო რიჩარდ როჯერსისა და რენცო პიანოს პომპიდუს ცენტრი ხშირად ბრუტალისტურ ნაგებობად აღიქმება. ამგვარი შენობების მასალა შეიძლება იყოს აგური, მინა, ლითონი, ზედაპირულად ნათალი ქვა და მისთ.
ბრუტალიზმი, როგორც არქიტექტურული სტილი, ასევე ასოცირდებოდა სოციალურ უტოპიურ იდეოლოგიასთან, რომელსაც მისი დიზაინერები იზიარებდნენ. ზოგიერთ ბრუტალისტურ კომპლექსებში პოზიტიური სოციუმის შექმნის წარუმატებლობამ ადრეულ პერიოდში, შესაძლოა გამოწვეული მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ურბანული დაქვეითების უფრო მასშტაბური პროცესებით (განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთში), როგორც იდეოლოგიის, ისე ამ არქიტექტურული სტილის კრიტიკისა და არაპოპულარობის გამომწვევი მიზეზი გახდა.