გიორგი III, კონსტანტინე მეფის ძე
ვიკიპედიიდან
გიორგი III ( † 1639), იმერეთის მეფე 1605-1639, კონსტანტინე მეფის ძე. მძიმე ბრძოლა უხდებოდა ოდიშის ძლიერი მთავრის ლევან II დადიანის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც დადიანის მხარეზე გადავიდა გიორგი III-ის მიერ შერისხული თავადი პაატა წულუკიძე. 1623 გოჭოურის ბრძოლაში (ქუთაისის მახლობლად) დადიანმა დაამარცხა გიორგი III. დადიანის წინააღმდეგ დაუახლოვდა გიორგი სააკაძეს, რომელსაც 1626 ბაზალეთის ბრძოლაში ზემო იმერეთის ლაშქარი მიაშველა, შემდეგში დაუმოყვრდა თეიმურაზ I-ს. 1629 მისმა ვაჟმა, ტახტის მემკვიდრე ალექსანდრემ, ცოლად შეირთო თეიმურაზ I-ის ასული დარეჯანი (ზურაბ ერისთავის ქვრივი). მაგრამ ლევან დადიანი ამის შემდეგაც სისტემატურად არბევდა იმერეთის სამეფოს. გიორგი III-ის დროს იმერეთში ფართო ხასიათი მიიღო ადამიანებით ვაჭრობამ (ტყვის სყიდვა). შექმნილი ვითარებიდან თავის დასაღწევად 1619-1621 გიორგი III-მ სცადა რუსეთის მეფის მფარველობა მოეპოვებინა. მაგრამ ამ ცდას რეალური შედეგი არ მოჰყოლია.