ლევან II დადიანი
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "ლევან " აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: ლევან |
ლევან II დადიანი, ოდიშის მთავარი 1611-1657, მანუჩარ I დადიანის ძე.
1611-1614 მისი მცირეწლოვანების გამო სამთავროს მართავდა რეგენტი გიორგი ლიპარტიანი. 1615 თებერვალში ლევან II დადიანი იძულებული გახდა ოსმალეთისათვის ხარკის მიცემა ეკისრა. 1612 დაუკავშირდა გურიისა და აფხაზეთის მთავრებს და დაუპირისპირდა იმერეთის მეფე გიორგი III-ს, რომელიც 1623 დაამარცხა გოჭოურასთან. მომდევნო წლებში იგი ხშირად თავს ესხმოდა აფხაზეთის სამთავროს. 1625 ტახტიდან ჩამოაგდო გურიის მთავარი სიმონი და მის ნაცვლად ტახტზე აფხაზეთის კათოლიკოსი მალაქია გურიელი აიყვანა. ამის შემდეგ, სიკვდილამდე, გურიის სამთავრო ფაქტობრივად მას ემორჩილებოდა. 1630 ახლო ხანაში ლევან II დადიანმა გარკვეულად გააუმჯობესა ურთიერთობა იმერეთის სამეფოსთან. 1633 ქართლის მეფეს როსტომს დაუკავშირდა და მას თავისი და მარიამი მიათხოვა. ამ აქტით მან კავშირი გააბა ირანთან, საიდანაც ფულად სუბსიდიებს იღებდა. იმერეთის მეფე გიორგი III შეეცადა ხელი შეეშალა ამ ქორწინებისათვის, მაგრამ ბაღდადთან დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა. მეფის გამოსასყიდში ლევან II დადიანმა მიიღო ვაკე - ტერიტორია მდინარე ცხენისწყლისა და მდინარე რიონს შორის, ქ. ჩხარის ვაჭარ-ხელოსნები, რომლებიც რუხში გადაასახლა; აგრეთვე დიდძალი ოქრო-ვერცხლი და ძვირფასი თვლები. ამის შემდეგ ლევან II დადიანი შეეცადა თავის ხელქვეით გაეერთიანებინა დასავლეთ საქართველო. მან არაერთგზის ილაშქრა წარმატებით იმერეთში, ხელში ჩაიგდო მეფის - ალექსანდრე III-ის ძმა მამუკა და ძე ბაგრატი, მაგრამ იმერეთის სამეფო ვერ დაიმორჩილა, ვერ შეძლო აფხაზეთის სამთავროს შემოერთებაც. ლევან II დადიანის ბრძოლა დასავლეთ საქართველოს გაერთიანებისათვის ქვეყნის გაჩანაგების ერთ-ერთ მიზეზად იქცა. 1636 ლევან II დადიანი შეეცადა ურთიერთობა დაემყარებინა რუსეთთან და ელჩობა გაგზავნა მოსკოვს. ამის პასუხად 1639-1640 ოდიშის სამთავროსს ელჩინისა და ზახარევის ელჩობა ეწვია. ამ ელჩობებს რეალური შედეგი არ მოჰყოლია. მას შემდეგ, რაც მასთან ნიკიფორე ირბახი და კათოლიკე მისიონარები იმყოფებოდნენ, იცვლება მისი პოლიტიკა. მან აკრძალა მონების გაყიდვა, გახდა კათოლიკე და ცდილობდა რომის პაპთან ურბან VIII-თან გაგზავნილ წერილებში საკუთარი სამეფო პაპის მფარველობას დაექვემდებარებინა.
ლევან II დადიანს კარგად ესმოდა ქვეყნის ევროპული გარდაქმნის აუცილებლობა; იგი ოდიშის სამთავროში იწვევდა ევროპელ ვაჭრებს და ხელოსნებს. რუხი ქალაქად აქცია და იქ ზარაფხანა გახსნა. ცდილობდა ირანული აბრეშუმი საქართველოს გზით გასულიყო ევროპაში. მან შეაკეთა და ააგო მრავალი ციხე-სიმაგრე და ეკლესია-მონასტერი; მფარველობდა კულტურას. მის დროს ოდიშის სამტავროში არსებობდა საოქრომჭედლო სახელოსნო, სადაც ქართველი ოსტატები მუშაობდნენ. ლევან II დადიანის კარზე გადაიწერა ვეფხისტყაოსნის დღემდე შემორჩენილი უძველესი დათარიღებული ხელნაწერი(თავაქალაშვილი, მამუკა).