იოანე ზედაზნელი
ვიკიპედიიდან
იოანე ზედაზნელი, ზედაზნის მონასტრის დამაარსებელი, სახელგანთქმული სირიელი საეკლესიო მოღვაწე. საქართველოში მოვიდა ქ. ანტიოქიდან VI საუკუნის შუა წლებში, თან მოიყვანა მრავალი მოწაფე (ასურელი მამები). ჯერ მცხეთაში ცხოვრობდა, შემდეგ მცხეთის მახლობლად, მდინარე არაგვის გაღმა, ზედაზნის მთაზე ააშენა მონასტერი, საიდანაც თავისი მოწაფეები დაგზავნა ქართლისა და კახეთის მხარეებში ქრისტიანობის გასამტკიცებლად და გასავრცელებლად, ეკლესია-მონასტრების დასაარსებლად.
იოანე ზედაზნელს საქართველოში მოსვლიდანვე დახმარებასა და მფარველობას უწევდა ქართლის კათოლიკოსი ევლალე. იოანე ზედაზნელის მოღვაწეობა აუწერიათ VI-VII საუკუნეებში, მაგრამ თხზულებას ჩვენამდე არ მოუღწევია. X საუკუნეში მისი ცხოვრება აღწერა კათოლიკოსმა არსენ II-მ, რომელსაც გამოუყენებია ძველი ტექსტი. მის შესახებ ცნობებს შეიცავს შიო მღვიმელის მეტაფრასული "ცხოვრებაც".